ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა! - კიევის ფინალის რიმეიქი და ჰოლანდი ფეხბურთის მთავარი ტაქტიკოსის პირისპირ
დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ორი დაპირისპირება - მადრიდის "რეალი" მიიღებს "ლივერპულს", "მანჩესტერ სიტი" კი დორტმუნდის "ბორუსიას". მიმოვიხილოთ ყველაფერი საინტერესო, რაც ამ ორი მატჩის გარშემო ტრიალებს.
რეალი - ლივერპული
სუპერმატჩი პასუხგაუცემელი კითხვებით
ეს არ იქნება სერხიო რამოსისა და მოჰამედ სალაჰის დუელი, რადგან ესპანელი ცენტრალური მცველი ტრავმის გამო არ ითამაშებს. ზოგადად, მადრიდელებისა და მერსისაიდელების წყვილის გარშემო ტრიალებს უამრავი კითხვა, ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის ფინალის შემდეგ.
დიახ, "სამეფო კლუბმა" მოწინააღმდეგე დაჯაბნა, თუმცა რამდენად შესაძლებელი იქნებოდა ეს რომ არა ეგვიპტელი თავდამსხმელის ტრავმა და ლორის კარიუსის "გმირობები"? ამას ვერასდროს გავიგებთ და ბრძოლის შემდეგ მუშტების ქნევა არ არის მიღებული, მაგრამ ფაქტია, "ბლანკოსისა" და "წითლების" ისტორია დაუმთავრებელი ნაწარმოებივით არის.
დიახ, იმის შემდეგ, შეიცვალა როგორც "თეთრების", ისე "სქაუზერების" მდგომარეობაც - წავიდა კრიშტიანუ რონალდუ, წავიდა და დაბრუნდა ზინედინ ზიდანი, გუნდმა მოასწრო ზედიზედ ორჯერ 1/8 ფინალიდან გამოვარდნა. რაც შეეხებათ "ენფილდელებს", ვიხილეთ როგორც ფორმის პიკში მყოფი ჩემპიონი, ისე კრიზისში ჩავარდნილი ლუზერიც.
რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, "გალაქტიკოსებისა" და იურგენ კლოპის შეგირდების შეხვედრაში არსებობს უდიდესი ინტრიგა. ვნახოთ, რა დასკვნები გამოიტანა გერმანელმა ტაქტიკოსმა ფრანგ კოლეგასთან ბოლო მატჩის შემდეგ. მოკლედ, წინ გველის უბრალოდ გრანდიოზული შეხვედრა.
დანაკლისი და სავარაუდო შემადგენლობა
როგორც ავღნიშნეთ, "რეალს" დააკლდება თავისი კაპიტანი, მის გარდა ლაზარეთში არიან ედენ აზარი, დანი კარვახალი და ფედერიკო ვალვერდე. რაც შეეხება "ლივერპულს": ვირჯილ ვან დეიკი, ჯორდან ჰენდერსონი, დივოკ ორიგი, ჟოელ მატიპი, ჯო გომესი. სავარაუდო 11-ეულები ასეთია:
რეალი - კურტუა, ვარანი, ნაჩო, მენდი, ვასკესი, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ასენსიო, ვინისიუსი, ბენზემა
ლივერპული - ალისონი, კაბაკი, ფილიპსი, ალექსანდერ-არნოლდი, რობერტსონი, ფაბინიო, ტიაგო, ვეინალდუმი, სალაჰი, მანე, ფირმინო
მან სიტი - დორტმუნდი
ჰოლანდის გამოცდა გვარდიოლას ტაქტიკის წინააღმდეგ
არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული შეხვედრა იქნება მადრიდელებისა და მერსისაიდელების დაპირისპირების ჩრდილში, თუმცა დაძაბულობის გრადუსი არც მანჩესტერში იქნება დაბალზე. რა შეიძლება ითქვას ამ მატჩის შესახებ? ეს იქნება შემტევი ფეხბურთის ნამდვილი დღესასწაული.
ყურადღების ცენტრში იქნება "ბორუსიას" ნორვეგიელი თავდამსხმელი, რომლის მსურველების რიცხვში "ქალაქელებიც" არიან. შეგახსენებთ, კონკურენტების სახით, "ლურჯებს" ჰყავთ "სამეფო კლუბი", "ბარსა", მეზობელი "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "ჩელსი". ასეთი რეიტინგი აქვს "შავ-ყვითლების" ფორვარდს.
იმ შემთხვევაში, თუ "ფუტკრების" ცხრიანი გაიბრწყინებს გვარდიოლას გუნდის წინააღმდეგაც, მისი სატრანსფერო ღირებულება კიდევ უფრო ასტრონომიული გახდება. უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ სკანდინავიელ ფორვარდს "ეტიჰადელების" მსგავსი ტაქტიკურად სრულყოფილი მეტოქე ჯერ არ ჰყოლია.
დანაკლისი და სავარაუდო შემადგენლობა
"მან სიტის" შემადგენლობა ოპტიმალურია, გუნდში ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები არ არიან. სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით ვესტფალიელთა შესახებ: ჯეიდონ სანჩო, აქსელ ვიტსელი, მარსელ შმელცერი, დან-აქსელ ზაგადუ, იუსუფა მუკოკო. სავარაუდო 11-ეულები ასეთია:
მან სიტი - ედერსონი, დიაში, სტოუნსი, კანსელო, ზინჩენკო, როდრი, გუნდოგანი, დე ბრუინი, ბერნარდო, ფოდენი, სტერლინგი
დორტმუნდი - ჰიცი, ჰუმელსი, აკანჯი, გერერო, ჯანი, დილეინი, ბელინგემი, დაჰუდი, აზარი, როისი, ჰოლანდი
ასევე იხილეთ:
გვარდიოლა: "გადაიხდის თუ არა სიტი ჰოლანდის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონს?"
ზიდანი: "არასაკმარისად გვაფასებენ, ჩემს გუნდს ერთი დიდი დადებითი თვისება აქვს"