ავტორიზაცია

"ეს ჩემი სრული შესაძლებლობები არ ყოფილა" - კვეკვესკირი ლეხის ფანებს სანახაობას პირდება

"ეს ჩემი სრული შესაძლებლობები არ ყოფილა" - კვეკვესკირი ლეხის ფანებს სანახაობას პირდება
თარიღი 15 Apr 2021, 16:49

პოზნანის ლეხის ქართველი ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი პოლონური ექსტრაკლასას 24-ე ტურში ვარშავის ლეგიასთან(0-0) ჩატარებულმა სრულმა შეხვედრამ გაახარა, თუმცა თქვა, რომ კარგი მატჩის მიუხედავად, ეს ქართველის სრული შესაძლებლობის წარმოჩენა არ ყოფილა.

"ლეგიასთან შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებული მატჩი იყო, რადგან დიდი ხანი ველოდი ჩემს შანსს სასტარტო შემადგენლობაში. მსურდა, მეჩვენებინა გუნდისთვის, რისი გაკეთება შემიძლია.

სადებიუტო მატჩი სასტარტო შემადგენლობაში და თან ისეთ დიდ გუნდთან, როგორიც ვარშავის ლეგიაა, გაორმაგებული სტიმულია. 

სოლიდური მატჩი ჩავატარეთ და ვფიქრობ, სწორი გზით მივდივართ. არ გვაქვს საუკეთესო პერიოდი ბოლო პერიოდში, თუმცა ყველანი - ფეხბურთელები, მწვრთნელები და გუნდის თითოეული წევრი ბევრს ვშრომობთ. ლეხ პოზნანი დიდი გუნდია და შესაბამისად, მოთხოვნაც დიდია," - ამბობს კვეკვესკირი.

ნიკა კვეკვესკირი პოზნანის ლეხს 2021 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ყაზახური ტობოლიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მას შემდეგ პოლონურ გუნდში მხოლოდ 7-ჯერ ითამაშა და აქედან მხოლოდ ერთხელ სასტარტო შემადგენლობაში, ლეგიას წინააღმდეგ(0-0). პირველივე შეხვედრაში 28 წლის ნახევარმცველი ექსტრაკლასას ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით გამოქვეყნებულ სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

"რა თქმა უნდა, ლეგიასთან მოგება ყველას სურს, თანაც საკუთარ მოედანზე. უფრო ზუსტები რომ ვყოფილიყავით, საკმარისი შანსები გვქონდა წარმატების მისაღწევად. ყველა ფეხბურთელს სურს დაუმტკიცოს საკუთარ თავს, რომ ამ რთული პერიოდიდან ამოსვლა შეგვიძლია. კმაყოფილი ვარ ჩემი გამოსვლით, მაგრამ გუნდის დამოკიდებულით კიდევ უფრო ბედნიერი ვარ, რადგან კარგი ხასიათი ვაჩვენეთ.

ველოდი შანსს, რომ ჩემი შანსი მიმეღო და საკუთარი უნარები წარმომეჩინა. კარგი მატჩი მქონდა, მაგრამ ეს ჩემი სრული შესაძლებლობები არ ყოფილა. ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ, სრული 90 წუთის თამაში ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და მჯერა, შემიძლია გუნდს ქულების მოპოვებაში დავეხმარო. 

ჩემთვის ფორმის საუკეთესო შენარჩუნების გზა თამაშებში მონაწილეობის მიღებაა. სრულყოფილად მზად ვარ და თუ შემდეგ მატჩებშიც მექნება შესაძლებლობა გუნდს დავეხმარო, ჩემი უნარების გამოვლენას, მჯერა, კიდევ უკეთ შევძლებ," - განაცხადა კვეკვესკირმა პოზნანის ლეხის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში.

მიმდინარე სეზონში პოზნანის ლეხს ექსტრაკლასაში მძიმე მდგომარეობა აქვს. 24 ტურის შემდეგ ლეხს 30 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.

ნიკა კვეკვესკირის გარდა პოზნანის ლეხში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, ნიკა კაჭარვა თამაშობს, თუმცა ამჟამად ქართველი ცენტრფორვარდი გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება. კაჭარავამ ევროპა ლიგის მატჩში 2020 წლის დეკემბერში ბენფიკას წინააღმდეგ ფეხი მოიტეხა.

მე და ჩემი ოთახის პარტნიორმა იმ ღამით ვერ დავიძინეთ - კაშია ნიდერლანდების თასის ფინალს იხსენებს

"მსგავსი საუბრები კვარაცხელიას დიდ ზიანს აყენებს", - რუბინის დირექტორი ხვიჩას ჟურნალისტებისგან იცავს