UEFA: "12-ვე გუნდი მოიკვეთება შიდა ტურნირებიდან და მსოფლიო ჩემპიონატიდან"
ევროპის სუპერლიგის დაარსება ოფიციალურად დაანონსდა, სადაც მონაწილეობას 20 გუნდი მიიღებს, ამ 20-დან 12 კი უკვე ჩემპიონატის დამაარსებლად ითვლება.
ამ ფაქტის შესახებ, UEFA-მ ოფიციალური განცხადება წინასწარ გააკეთა, როდესაც ინფორმაცია ჭორის დონეზე გავრცელდა.
"უეფამ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ (FA), პრემიერ ლიგამ, ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციამ (RFEF), ლა ლიგამ, აგრეთვე იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ (FIGC) და სერია ა-მ შეიტყვეს, რომ რამდენიმე ინგლისური, ესპანური და იტალიური კლუბი, შესაძლოა, დახურული, ე.წ სუპერლიგის შექმნის დადასტურებას გეგმავენ".
"თუ ეს მოხდება, გვინდა კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ზემოთჩამოთვლილი ორგანიზაციები, აგრეთვე ფიფა და ყველა ჩვენი ასოციაცია კვლავ ერთიანი იქნება ამ ცინიკური პროექტის შესაჩერებლად, რომელიც რამდენიმე კლუბის პირად ინტერესებზეა დაფუძნებული იმ დროს, როცა საზოგადოებას სოლიდარობა უფრო სჭირდება, ვიდრე სხვა რამ".
"ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ზომებს გავითვალისწინებთ - როგორც სამართლებრივი, ისევე სპორტული თვალსაზრისით, - რათა სუპერლიგა არ შეიქმნას. სამართლიანი კონკურენცია და სპორტული ფასეულობები ფეხბურთის გულშია; სხვაგვარად ვერ იქნება".
"როგორც აქამდე უეფამ და ექვსმა ფედერაციამ განაცხადეს, იმ კლუბებს, რომლებიც სუპერლიგაში თამაშს დათანხმდნენ, ნებისმიერ სხვა ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალებათ, როგორც შიდა, ისევე ევროპულ თუ მსოფლიო დონეზე, მათ ფეხბურთელებს კი შეიძლება პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებზე თავიანთი ეროვნული ნაკრებების ღირსების დაცვის უფლება ჩამოერთვათ".
"მადლობას ვუხდით სხვა ქვეყნების კლუბებს, განსაკუთრებით ფრანგულ და გერმანულ კლუბებს, რომლებმაც ამ პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. მოვუწოდებთ ფეხბურთის ყველა მოყვარულს, გულშემატკივარსა და პოლიტიკოსს შემოგვიერთდნენ ამ პროექტის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუ ის დამტკიცდება".
"ადამიანების ჯგუფის ეს დაჟინებული ინტერესი ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ყველაფერს უნდა ჰქონდეს ზღვარი", - წერია ერთობლივ განცხადებაში.