ავტორიზაცია

უეფასა და პსჟ-ს შორის არსებული "ყატარულ-ჯიგრული ძმობა" - რატომ არ სურთ მათ სუპერლიგა?

უეფასა და პსჟ-ს შორის არსებული "ყატარულ-ჯიგრული ძმობა" - რატომ არ სურთ მათ სუპერლიგა?
თარიღი 20 Apr 2021, 19:28

განცხადება სუპერლიგის ჩამოყალიბების შესახებ ევროპაში ბომბივით გავარდა, თუმცა გერმანიასა და საფრანგეთში ამ ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ. ამ პროექტის ორგანიზატორები იწვევენ მიუნხენის "ბაიერნსაც", დორტმუნდის "ბორუსიასა" და "პსჟ"-ს, რადგან ამ 3-ეულის გარეშე სუპერლიგა არასრულფასოვანი იქნება.

აღნიშნულმა კლუბებმა ეს ინიციატივა გაისტუმრეს უარით და ზოგადად, მათი დამოკიდებულება დახურული ტურნირის მიმართ უარყოფითია. მათ მიაჩნიათ, რომ ფორმატშეცვლილი ჩემპიონთა ლიგა უკეთ წარმოაჩენს ევროპული ფეხბურთის სულისკვეთებას. "პარი სენ-ჟერმენის" პოზიცია უფრო მეტად დელიკატურია:

კლუბის პრეზიდენტს, ნასერ ალ ხელაიფის აქვს შესანიშნავი ურთიერთობა, როგორც ფიფასთან, ისე უეფასა და ლიგა 1-ის უფროსობასთან, აქედან გამომდინარე, მას სულაც არ აწყობს კარდინალური ცვლილებები და რევოლუციური რეფორმები. ვაწყდებით კავშირს სუვერენულ ფონდ QSI-სა და საფრანგეთის მთავრობას შორის, რაც ყატარელის კიდევ ერთი ბერკეტია.

როგორც ცნობილია, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სუპერლიგის ჩატარების კატეგორიული წინააღმდეგია. მედიას აინტერესებს, თუ რატომ უპირისპირდება პარიზული კლუბი პროექტს, რომლის შემადგენელი ნაწილი თავად უნდა ყოფილიყო. სიტუცია კარდინალურად შემობრუნდა.

არსებობს ასეთი გლობალური სპორტული მედია ქსელი, beIN Sports-ი, რომლის სათავეში დგას აგრეთვე "პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტი და რომელსაც უეფასთან აკავშირებს კონტრაქტი 2024 წლამდე, რაც ჩემპიონთა ლიგის მატჩების გაშუქებას მოიცავს. შეთანხმების თანახმად, ყატარული კომპანიის ეთერში 104 შეხვედრა გავა.

აქედან გამომდინარე, აზიელ ბიზნესმენს სულაც არ აწყობს ჩემპიონთა ლიგის გაუფასურება და კონკურენტი ტურნირის არსებობა, სადაც ზუსტადაც რომ ყველაფერი საინტერესო მოხდება. 47-წლის ბიზნესმენისთვის საფრანგეთი არის ერთგვარი პლატფორმა თავისი ბიზნესისა და ზოგადად თავისი ქვეყნის იმიჯის უკეთ წარმოსაჩენად.

ალ ხელაიფის უშუალო მონაწილეობით მოხდა შეთანხმება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში გამართვის თაობაზე, რაც კიდევ ერთი საინტერესო დეტალია საფეხბურთო ორგანიზაციებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების საკითხში. სწორედ პარტნიორობის წყალობით გახდა ყატარელი ბიზნესმენი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.

ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ ნასერი გახდება ანდრეა ანიელის შემცვლელი ECA-ს (ევროპის კლუბების ასოციაცია) აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე. როგორც ვიცით, იტალიელი ბიზნესმენი მთელი თავისი რესურსით დანარჩენ 11 თანამოაზრესთან ერთად სუპერლიგაზე გადაერთო.

"პსჟ"-ში აცნობიერებენ იმასაც, რომ 12 წამყვანი ტოპ-კლუბის გარეშე ჩატარებული ჩემპიონთა ლიგა არ იქნება ისეთი შემოსავლიანი როგორც იყო აქამდე და აქედან გამომდინარე, არც beIN Sports-ის მიერ ნაყიდ ტრანსლაციებს ექნება ფასი. მოკლედ, სუპერლიგის ჩამოყალიბება პირდაპირ არის კავშირში პარიზელთა პრეზიდენტის ჯიბის შეთხელებასთან.

შევაჯამოთ - აზიელი ბიზნესმენი არის უეფას აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ევროპის კლუბების ასოციაციის პოტენციური პრეზიდენტი. მას აკავშირებს არაერთი კომერციული კონტრაქტი როგორც უეფასთან, ისე ფიფასთან, რაც კავშირშია ტელე-ტრანსლაციების ყიდვასთან, ყატარში გასამართ მუნდიალთან და კიდევ არაერთ გარემოებასთან, რაც ჯერჯერობით არ ამოტივტივებულა.

ახლა კი უბრალოდ გაიაზრეთ, თუ რა ფასი აქვს ამ ყველაფერს ევროპის მთავარი კლუბებისა და ფეხბურთელების გარეშე. ალ ხელაიფი არ ზრუნავს ევროპული ფეხბურთის კეთილდღეობაზე, როგორც იგივე კარლ-ჰაინც რუმენიგე ან იოაჰიმ ვაცკე, მას უბრალოდ ანგარება და გარანტირებული შემოსავლის დაკარგვის შიში ამოძრავებს.

ველოდებით "ლურჯ-წითლებს" სუპერლიგაში, თუმცა არა ახლა, არამედ 2024 წელს, როცა ჩაივლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი და ამოიწურება უეფასთან კონტრაქტი, თუ რა თქმა უნდა იქამდე ფრანგული კლუბი საერთოდ არ დაიხურება ფინანსურად ძლიერი შემდეგი პატრონის გამოჩენამდე.

"სუპერლიგა? მე ჩემი პოზიციის მომხრე პირველივე დღიდან ვარ" , - პსჟ-ს პრეზიდენტი

"კლოპს არ აძლევენ ყველაფრის თქმის უფლებას, თუმცა ვიცი, რომ სუპერლიგა მას ჩემზე მეტად სძულს", - ნევილი