ავტორიზაცია

უთამაშებლობა? ყველა მნიშვნელოვანი მატჩი სასტარტოში ვითამაშე! - ინტერვიუ ლაშა დვალთან

უთამაშებლობა? ყველა მნიშვნელოვანი მატჩი სასტარტოში ვითამაშე! - ინტერვიუ ლაშა დვალთან
თარიღი 22 Apr 2021, 19:53

საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა ფერენცვაროშთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. ეს ყველაფერი Goal.ge-მ შეგატყობინათ მას შემდეგ, რაც 25 წლის მცველმა უნგრულ გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ იზეიმა.

Goal.ge უნგრეთში ქართველ მცველს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

"ზედიზედ 3-ჯერ ჩემპიონობა ისტორიული მოვლენაა. თან ეს გუნდმა ბოლოს 100 წლის წინ გააკეთა და ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიის ნაწილი ვარ," - გვეუბნება ლაშა დვალი.

ქართველი მცველი ფერენცვაროშს 2019 წლის იანვარში შეუერთდა, თავიდან თითქოს უფრო მეტს თამაშობდა, ვიდრე მიმდინარე სეზონში. ლაშას აქტივში მხოლოდ 24 მატჩია, რაზეც ჩვენს ფეხბურთელს ვკითხეთ.

"უთამაშებლობა? ამ სეზონში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ვითამაშე. იყო შეხვედრები, სადაც სკამზე ვიყავი, რადგან გუნდში თითო პოზიციაზე 3-4 ძლიერი მოთამაშეა და მწვრთნელი გვაძლევს დასვენების საშუალებას და ასევე, სხვებსაც აქვთ თავის გამოჩენის შანსი," - განაცხადა ლაშა დვალმა Goal.Ge-სთან საუბრისას.

2021 წლის თებერვლიდან ლაშა დვალი ფერენცვაროშში ერთადერთი ქართველი არაა. გუნდს გიორგი ხარაიშვილი შეუერთდა, რომელმაც 5-ჯერ ითამაშა ბუდაპეშტური კლუბის მაისურით და ერთხელ გაიტანა.

"გიორგის ადაპტაცია ბოლომდე არ გაუვლია, რადგან ტრავმამ შეაწუხა და ბოლომდე ვერ შეძლო საკუთარი ძალების წარმოჩენა, მაგრამ მჯერა, რომ შეძლებს დაამტკიცოს ის, რისი გაკეთებაც ნამდვილად შეუძლია.

რაც შეეხება ჩემს ახალ კონტრაქტს, ხელშეკრულებაში ერთწლიანი გახანგრძლივების ოფცია იყო და გუნდმა გამოიყენა. ახლა ვადა 2022 წლის ზაფხულამდეა," - დაასრულა Goal.Ge-სთან საუბარი ლაშა დვალმა.

ფერენცვაროშმა უნგრეთის ჩემპიონობა ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდა.

შედევრი - გულშემატკივარმა ფურცლისგან ხვიჩა კვარაცხელია გამოჭრა

მორიგი არ ჩათვლილი 100%-იანი გოლი, ამჯერად საქართველოს თასზე