"რეალს ვქომაგობ, თუმცა სხვა ოცნება მაქვს", - ხვიჩას ვრცელი და ძალიან საინტერესო ინტერვიუ
ყაზანის "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი ინტერვიუ Бизнес Online-ისთვის, რომელშიც ქართველი ვინგერი საუბრობს არაერთ საინტერესო დეტალზე. ბავშვობა, პირველი ნაბიჯები ფეხბურთში, მამის გავლენა, სამომავლო გეგმები და ა.შ.
- ხვიჩა შენ დაიბადე თბილისში, თუმცა მთელი ბავშვობა სამეგრელოში გაატარე. მოგვიყევი საქართველოს ამ ნაწილის შესახებ და რას ნიშნავს ის შენთვის?
ეს არის ჩემი სამშობლო. ყოველთვის, როდესაც ვარ საქართველოში, იქ ჩასვლასაც ვცდილობ. ეს არის ადგილი, რომლის მონახულებას ყველას ვურჩევ. რელიეფი არის განსხვავებული: მთაც და ბარიც. იქ ცხოვრობენ შრომისმოყვარე ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობენ მიწაზე და ამასთან ერთად, ფერმებსაც აშენებენ.
- შენ ხომ მეგრელი ხარ?
კი და ჩემი გვარის დაბოლოებაც ამაზე მეტყველებს. მეგრელებს აქვთ რამდენიმე განმასხვავებელი ნიშანი საქართველოს სხვა ეთნოსთან. მაგალითად, სამზარეულო. ჩვენი საფირმო კერძი ელარჯია. სამეგრელო არის ულამაზესი ადგილი, რომლის მონახულებას ყველას ვურჩევ. ზოგადად, საქართველოს თითოეული რეგიონი არის თავისებურად ლამაზი. როდესაც ტურისტები ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, ისინი ცდილობენ რაც შეიძლება ბევრი ადგილის მონახულებას, რადგან მხოლოდ ერთის ამორჩევა რთულია.
- პირველ საფეხბურთო ნაბიჯებს თბილისში დგამდი?
ფეხბურთის თამაში დავიწყე ხუთი წლის ასაკში, ჩემი თბილისური სახლის ეზოში. სახლიდან მივდიოდი დილით ადრე და გვიან საღამოს ვბრუნდებოდი. რვა წლის ასაკისთვის დავიწყე თამაში "ავაზას" საბავშვო გუნდში, 11-წლის ასაკში კი თბილისის "დინამოს" სისტემაში მოვხვდი.
- შიშის გრძნობა არ გეუფლებოდა, როდესაც ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან სისტემაში გადადიოდი?
არ ვნერვიულობდი და დიდად არც განმიცდია. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებდი, რომ "დინამო" არის გუნდი დიდი ისტორიით, თუმცა იქ გადასვლას სასიხარულო მოვლენად აღვიქვამდი.
- ბავშვობაში ფეხბურთს უფროსებთან ერთადაც თამაშობდი?
დიახ, თუმცა არა პროფესიონალურად, ეს იყო ეზოს დონე. ამის მიუხედავად, ეს ბიჭები თამაშობდნენ ძალიან კარგად. ზოგი იქნებოდა 20 წლის, ჩემთვის ეს იყო კარგი გამოცდილება.
- უფროსები არ გირტყამდნენ ფეხებში, იმის გამო, რომ შენ მათ მუდმივად ატყუებდი?
ცოტა (იცინის). მტკივნეული იყო, თუმცა არც ისე.
- სლუცკიმ განაცხადა, რომ ვარჯიშზე შენი პირველი დაცემის შემდეგ მან დააწესა ჯარიმები იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც გამუდმებით ითხოვენ სამედიცინო დახმარებას.
პირველი შემთხვევის შემდეგ არ დავუჯარიმებივარ, თუმცა ახლა, კი, ასეთი პრაქტიკა არის. მტკივნეული კონტაქტის შემთხვევაშიც კი ვდგებით და ვარჯიშს ვაგრძელებთ. თუ არ მოგკლეს, უნდა ადგე.
- როგორ მოედნებზე გიწევდა თამაში ბავშვობაში?
ასფალტის მოედანი გვქონდა. შემდეგ გაგვიკეთეს კარგი, ბალახიანი, თუმცა იქ ხშირ შემთხვევაში თამაშობდნენ უფროსები და ჩვენ ისევ ასფალტზე გვიწევდა თამაში. ამის გამო მუხლები გადატყავებული გვქონდა ხოლმე.
- რა საფეხბურთო თამაშებს ანიჭებდი უპირატესობას ბავშვობაში? ჩვენ გვაქვს "სამი ბანანი" და "300". არის თუ არა საქართველოში რაიმე მსგავსი?
ჩვენ გვაქვს თამაში სახელწოდებით "105". უნდა გაარტყა ძელს ან ხარიხას, რის შედეგადაც ქულები გერიცხება. კიდევ გვაქვს თამაში "ქულა", თავით უნდა დაარტყა და მხოლოდ ჩაწოდების შედეგად.
- "დინამოს" მთავარ გუნდში მოხვდი 15-16 წლის ასაკში. როგორ მიმდინარეობდა ვარჯიში უფროსებთან?
თავდაპირველად მიჭირდა. 15 წლის ასაკში უფროსებთან თამაში არის ძალიან დიდი დატვირთვა. დროთა განმავლობაში მივეჩვიე ყველაფერს, რადგან თუ გინდა დიდი ფეხბურთის თამაში, ადაპტირება უნდა შეგეძლოს.
- იქ იყო კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტი - ზურიკი დავითაშვილი, რომელთან ერთადაც "რუბინშიც" თამაშობდი. საქართველოში დამეგობრდით?
11 წლიდან ერთად ვართ. პატარები რომ ვიყავით ყოველთვის გვერდიგვერდ ვთამაშობდით. როდესაც ვართ ერთ შემადგენლობაში, თამაში მიგვდის. ძალიან კარგად ვგრძნობ მის თითოეულ მოძრაობას. ის არის ძალიან ნიჭიერი და ვთვლი, რომ მას დიდ გუნდში სათამაშოდ ყველაფერი აქვს.
- საბჭოთა პერიოდში "დინამო" ითვლებოდა სუპერკლუბად, რომელიც წარმატებით ევროთასებზეც გამოდიოდა. რას წარმოადგენს ეს გუნდი ახლა "რუბინთან" შედარებით?
"რუბინის" ინფრასტრუქტურა თბილისური გუნდისაზე განვითარებულია. კარგი მოედნების დეფიციტია და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ თვითონ "დინამოს" კარგი ბაზა აქვს. საქართველოში არის სულ რაღაც 3-4 კლუბი მსგავსი პირობებითა და კარგი არენით.
- "რუბინი" რომ ეთამაშოს საქართველოს ჩემპიონს, რა შედეგით დასრულდება ეს მატჩი?
რა თქმა უნდა, რუბინი მოიგებს, თუმცა საქართველოში არის რამდენიმე კარგი გუნდი, მაგალითად თბილისის "ლოკომოტივი", რომელმაც ევროთასებიდან მოსკოვის "დინამო" გამოაგდო. საქართველოში არის ბევრი ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელი, რაც ჩემპიონატს სანახაობრივს ხდის. მივდივართ სწორი კურსით, არის განვითარება, შენდება სტადიონები, ბაზები.
- რუსეთში ფეხბურთი არის დაცვითი, როგორია ის საქართველოში?
მართლაც, რუბინში, ისევე როგორც მთელს რუსეთში დიდი ყურადღება ეთმობა დაცვას. ეს მეთოდი ინერგება საქართველოშიც, თუმცა ქართული მენტალიტეტის გათვალისწინებით, ფეხბურთელები მაინც ახერხებენ თამაშის საკუთარ თავზე აღებას.
- ტაქტიკური თვალსაზრისით, რთული იყო რუსულ ფეხბურთზე გადაწყობა?
არა, რადგან "ლოკომოტივში" ჩემი მწვრთნელი იური სიომინი იყო. მას დაველაპარაკე და ჩემთვის ნათელი გახდა, თუ რა უნდა მეკეთებინა. ვაკვირდებოდი ლოკომოტივის სხვა ფეხბურთელებსაც და ყველაფერი გავითავისე.
- "დინამოს" შემდეგ, გადახვედი "რუსთავში". რატომ გადაწყვიტე გრანდიდან კლასით დაბალი რანგის გუნდში გადასვლა?
იმ გუნდს აშენებდა ჩემი აგენტი, მამუკა ჯუღელი. მე მითხრეს, რომ იქ იყო მეტი პერსპექტივა, სათამაშო დრო. ჩემთვის ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, "დინამოში" უბრალოდ ვარჯიშს "რუსთავში" თამაში მერჩივნა.
- რას წარმოადგენს ქალაქი რუსთავი?
მცირე ქალაქი, რომელიც თბილისიდან 40 წუთის გზაზეა.
- რა შეგრძნება დაგეუფლა, როდესაც დიდი ქალაქიდან იქ გადახვედი?
ვვარჯიშობდით თბილისში და საშინაო შეხვედრებს აგრეთვე ვატარებდით თბილისში, რადგან "რუსთავის" საშინაო სტადიონი ჯერ კიდევ შენების პროცესში იყო. გულშემატკივრები ესწრებოდნენ ყოველ მატჩს, პრობლემა არ იყო.
- როგორი გულშემატკივრობა იციან საქართველოში?
ხალხმრავლობა არ არის, თუმცა კარგად გესმის ქომაგების მხარდაჭერა. არის რამდენიმე გუნდი, რომლის მატჩებს ხალხი ესწრება მასიურად, მაგალითად "დინამო" ან ქუთაისის "ტორპედო".
- თქვენი მამა, ბადრი კვარაცხელია - ყოფილი ფეხბურთელი. თქვენი პირველი მწვრთნელი სწორედ ის იყო?
რა თქმა უნდა, თუმცა დაძალების მომენტი არასდროს ყოფილა, რადგან ყველაფერს საკუთარი სურვილით ვაკეთებდი. მამაჩემმა კარიერის განმავლობაში გაიტანა ბევრი გოლი, აზერბაიჯანის ჩემპიონატში და აზერბაიჯანის ნაკრებშიც.
- მას ჰქონდა ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერა. რა გახსოვს?
არაფერი მახსოვს, რადგან იმ მომენტში ძალიან პატარა ვიყავი. გვაქვს მისი თამაშის ჩანაწერები და მე ისინი ვნახე. პატარაობაში მეუბნებოდნენ, რომ საუკეთესოები არიან მესი და რონალდუ, თუმცა ჩემთვის საუკეთესო მამაჩემი იყო.
VIDEO: ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიას ჰეტ-ტრიკი ჩემპიონთა ლიგის შესარჩევზე
- რატომ აირჩია მამათქვენმა აზერბაიჯანის ნაკრები?
მიჭირს პასუხის გაცემა, რადგან ამ თემას არ ვეხებით. მან ძალიან დიდი დრო გაატარა აზერბაიჯანის ჩემპიონატში და ეს მისი პირადი არჩევანია. არც კი ვიცი, რა რეაქცია ჰქონდათ საქართველოში.
- ახლა ის ცხოვრობს საქართველოში. რას საქმიანობს?
რამდენიმე წლის წინ სამწვრთნელო საქმიანობა დაასრულა. ეს ყველაფერი იყო განპირობებული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით. უმჯობესი იქნება, თუ ის ჩემს თამაშებს სახლიდან უყურებს.
- სლუცკის რუბინში დანიშნვის შემდეგ, ამ გუნდიდან წავიდა ყველა ქართველი, მათ შორის ზურიკოც. ხომ არ მოიწყინე?
ზურიკოს წასვლის შემდეგ დავრჩი მარტო და შედეგად რუსულად უფრო ხშირად ვსაუბრობ, ვიდრე ქართულად. თარჯიმნობის საკითხში ნიკა ყიფიანიც მეხმარებოდა.
- სკოლაში რუსულს სწავლობდი?
საქართველოში მესამე კლასის შემდეგ იწყებენ ინგლისურისა და რუსულის სწავლას. კარგად ვსწავლობდი, თუმცა მეცხრე კლასის შემდეგ დამეწყო ვარჯიშები, რის შემდეგაც გაკვეთილებზე ვეღარ დავდიოდი. ახალი თაობა სწავლობს ინგლისურს, უფროსებში კი რუსული ყველამ იცის.
- რა დამოკიდებულება აქვთ შენი თაობის წარმომადგენლებს რუსეთის მიმართ?
პოლიტიკური კითხვაა, პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ.
- "რუბინში" გადმოვლის მომენტში, აცნობიერებდი, თუ სად მოდიოდი?
გუნდის შესახებ ვიცოდი, რადგან აქ არაერთ ქართველს უთამაშია, ტრანსფერის წინ ვესაუბრე ლაშა სალუქვაძეს, დავით კვირკველიასა და ნუკრი რევიშვილს.
- იმ მომენტში იყავი 18 წლის. როგორ გახვედი ლაშა სალუქვაძეზე?
ერთად "დინამოში" ვთამაშობდით. მე ვიწყებდი კარიერას, ის კი ამთავრებდა.
- იმ დროს "ლოკომოტივში" შენი თანაგუნდელი იყო საბა კვერკველია, რომელიც "რუბინში" აგრეთვე თამაშობდა. მან გითხრა რამე?
მისი წარსულის მიუხედავად, ის მაინც მეუბნებოდა, რომ "რუბინი" არის კარგი გუნდი და აქ გადასვლა კარგი ვარიანტი იქნებოდა.
- ქართველ ფეხბურთელებს შორის არსებობს თანამოაზრეობა?
კი, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ერთმანეთში მეგობრობენ. მაგალითად, ჩემსა და ზურიკოს მშობლებს ერთმანეთში ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. მამამისი აგრეთვე ყოფილი ფეხბურთელია, რომელმაც თავის დროზე ბევრი გოლი გაიტანა. ის იყო ჩვენი მწვრთნელი თბილისის "დინამოს" აკადემიაში.
- ვინ არის ყველაზე ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ისტორიაში?
ვფიქრობ, კახა კალაძე. ძალიან ძლიერი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. შემტევებიდან გიორგი ქინქლაძე, რომელიც იყო მესივით ნიჭიერი, თუმცა მან თავისი პოტენციალი სრულფასოვნად ვერ გამოიყენა. მას ოქროს ბურთის მოგება შეეძლო. რთულია მესამე ფეხბურთელის დასახელება, რადგან ბევრი ძლიერი მოთამაშე იყო - ძმები არველაძეები, თემურ ქეცბაია და ა.შ.
- ვინ არის შენი საყვარელი ქართველი ფეხბურთელი?
მომწონდა ქინქლაძის თამაში, თუმცა ყველაზე წარმატებული კალაძეა. ორივე ძალიან მომწონდა. ჩემი ასაკის გათვალისწინებით, ქინქლაძის თამაშებს ვერ ვუყურებდი, თუმცა ახლა ჩანაწერების ხილვის ბედნიერება მაქვს. მას ჰქონდა საოცარი ნიჭი! საქართველოში მისი პოტენციალის შესახებ დღემდე საუბრობენ.
- ქინქლაძეც თამაშობდა "რუბინში", მართალია ცოტა ხანს და არც ისე წარმატებულად. იცნობ მას პირადად?
კი, ჩვენ ვკონტაქტობთ. მათი თაობის წარმომადგენლები გამუდმებით მიმეორებენ, რომ ყველაფერი ფეხბურთისთვის უნდა გავაკეთო.
- ახლაც "რუბინის" ბაზაზე ცხოვრობ?
რა თქმა უნდა. ასე თავს ვგრძნობ უფრო პროფესიონალურად. სახლის ქირაობის პროცესი დიდ დროს წამართმევდა.
- ფეხბურთი საქართველოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა?
რა თქმა უნდა! დიდი პოპულარობით სარგებლობს რაგბი და კალათბურთიც, ჩოგბურთსაც აქცევენ ყურადღებას.
- რას აკეთებ ხოლმე საქართველოში ჩასვლისას?
მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობ. ბოლოს ვიყავით გოგირდის აბანოებზე, ჩვენ ყველაფერი გვაქვს. ზღვა გინდა? ბათუმი! საქართველოში დასვენება ყოველთვის სასიამოვნოა.
- Covid 19 უკვე გადაიტანე?
კი, როდესაც საქართველოში ვიმყოფებოდი. ორი დღე მქონდა სიცხე - 37.2 და 37.4, სხვა დანარჩენი არაფერი განსაკუთრებული. კორონავირუსის გამო მაკედონიასთან მატჩი გამოვტოვე.
- ალბათ, საქართველოს ნაკრებს ძალიან დააკლდი...
არ ვიცი, თუმცა საქართველოში ყველამ ძალიან განიცადა ეს ამბავი. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ასეთი რეალური აქამდე არასდროს ყოფილა და არ ვიცი, გვექნება თუ არა მსგავსი შესაძლებლობა მომავალში კიდევ.
- საქართველოში უკვე სუპერვარსკვლავი ხარ?
არა!
- კი, მაგრამ შენ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს.
აღიარება ყოველთვის სასიამოვნოა, თუმცა მე საკუთარ თავზე ბევრი სამუშაო მაქვს. ხალხი ქუჩაში კი მართლაც მცნობს და ბევრმა რუბინის მატჩების ყურებაც დაიწყო.
- იყო თუ არა მომენტი, რომ შენს შესახებ საუბრობდნენ როგორც ბადრი კვარაცხელიას შვილზე და ახლა პირიქით, მასზე საუბრობენ როგორც ხვიჩა კვარაცხელიას მამაზე?
რა მწვერვალებსაც არ უნდა მივაღწიო, ყოველთვის ჩემი მშობლის შვილად დავრჩები. ისე კი ნამდვილად მინდა მისი მიღწევების გამეორება.
- "რუბინში" მოხვდი მოულოდნელად, თითქოს ეს შენს მაგივრად სხვებმა გადაწყვიტეს. ასეა?
არა, ეს არის ჩემი და აგენტის საერთო გადაწყვეტილება. ამ გუნდის შესახებ ვაგროვებდი ინფორმაციას და ველაპარაკებოდი ყოფილ ფეხბურთელებს, საბოლოო არჩევანი კი აგენტთან ერთად გავაკეთე.
- მოსკოვის "ლოკომოტივში" მოასწრე სიომინთან ერთად მუშაობა. გამოგადგა მიღებული გამოცდილება?
ახლაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მისი მადლობელი ვარ. სიომონმა ბევრი რამ მასწავლა, განსაკუთრებით გუნდური თამაშის საკითხში.
- ახლა შენი მწვრთნელია სლუცკი, რომლის ხელმძღვანელობით შენ გახდი გუნდის ლიდერი...
მისი "რუბინში" მოსვლა ჩემთვის იყო განსაკუთრებული მოვლენა. შარონოვი თვლიდა, რომ ჩემთვის ძირითადში თამაში იყო ნაადრევი, სლუცკიმ კი შანსი მომცა. მოხარული ვარ, რომ ამ შანსის გამოყენება შევძელი.
- სლუცკი რომ დაინიშნოს რუსეთის ნაკრების მწვრთნელად და მან ჩვენი ქვეყნის სახელით თამაში შემოგთავაზოს, დათანხმდები?
მე ვარ ქართველი. დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, აქედან გამომდინარე მხოლოდ საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის საქართველოზე მეტი შანსი აქვს. რაიან გიგზი თამაშობდა უელსში, ვერსად ხვდებოდა, თუმცა არსად მიდიოდა. შემდეგ მოვიდა გარეტ ბეილი, რომელმაც ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. ყველას თავისი გზა აქვს.
- გსმენია რაიმე სლუცკის შესახებ "რუბინამდე"?
ვიცოდი, რომ ის იყო "ვიტესის", "ჰალისა" და "ცსკა"-ს მწვრთნელი. ის PES-იდან მახსოვდა. იმ დროს ვთამაშობდი ოლეგ შატოვით, ახლა კი მასთან ერთად ვვარჯიშობ.
- ვინ არის რუსეთში შენთვის ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე?
"ხიმკის" დაცვა, რომელიც ორთაბრძოლებში ძალიან ორგანიზებულია. განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო დმიტრი ტიხი, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში მიწევდა პერსონალურ მეურვეობას.
- დაასახელე რუსეთის ჩემპიონატის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები...
მინდა გამოვარჩიო ნიკოლა ვლაშიჩი, ვანდერსონი და არტიომ ძიუბა. ასევე ძალიან მომწონს სერდარ აზმუნი.
- რა რეაქცია გაქვს, როდესაც შენს წინააღმდეგ უხეშობენ?
მივეჩვიე. თავიდანვე ვიცი, რომ ჩენს წინააღმდეგ ასე ითამაშებენ. არ ვბრაზდები, პასუხის გაცემა თამაშით მირჩევნია.
- როდესმე გიჩხუბია?
მეგობრებთან ეზოში. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, თუმცა მაინც სულ ვჩხუბობდით.
- ბავშვობაში ხშირად გეუბნებოდნენ, რომ თანაგუნდელებზე უნდა აკეთო პასები?
ამას არ მეუბნებოდნენ, თუმცა ხშირად მსგავს გადაწყვეტილებას მე თვითონ ვიღებ. საჭიროა ბალანსი.
- ვისი დამსახურებაა შენი დრიბლინგის განვითარება?
შემიძლია დავასახელო ოთხი მწვრთნელი. ზურიკოს მამა, სულიკო დავითაშვილი, ანზორ ზუკაკიშვილი "ავაზადან", დავით იმნაძე, ახალგაზრდა, ძალიან კარგი მწვრთნელი და ვლადიმერ კაკაშვილი "დინამოდან". მათი დამსახურებით მე ჩემი თამაში ვიპოვე.
- პრესას ყოველკვირა გადაყავხარ ევროპის ამა თუ იმ ტოპ-კლუბში. მგონი მალე მოგიტაცებენ და შენ თვითონ სად გსურს კარიერის გაგრძელება?
ბავშვობიდან ვარ მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი, თუმცა ჩემი მთავარი ოცნება არის ჩემპიონთა ლიგის მოგება და არა კონკრეტულ ტოპ-კლუბში გადასვლა.
- რა რეაქცია გეუფლება, როდესაც შენს სახელს უკავშირებენ ევროპული ფეხბურთის გრანდებს? მგონი არ დარჩა გუნდი, რომელიც შენით არ ინტერესდებოდეს...
ამის შესახებ საერთოდ არ ვფიქრობ, რადგან ჩემი გონება მხოლოდ "რუბინის" მომავალ მატჩებზეა გადართული. ვცდილობ, რომ ყურადღება არ მივაქციო ამ ყველაფერს.
- მესი თუ რონალდუ?
რონალდუ. მესი თამაშობს ძალიან ლამაზად და ის თავის საქმეში არის ნომერ პირველი, თუმცა რონალდუ როგორც სპორტსმენი არის საუკეთესო. მათი შედარება უადგილოა, რადგან ორივე გამორჩეულია თავისებურად, თუმცა მე რონალდუს ვირჩევ.
- ვინ მოდის მათ შემდეგ?
იყო ნეიმარი, ახლა კი მბაპეა. ის ძალიან მალე ოქროს ბურთების მოგებას დაიწყებს.
- იღებ თუ არა მათი თამაშის ელემენტებიდან რამეს?
რა თქმა უნდა, ვცდილობ საუკეთესოს გადმოღებას. ბოლო დროს მომხდარი მოვლენებიდან დამამახსოვრდა მბაპეს გოლი ბაიერნის კარში. მან ძალიან ეფექტური მოძრაობებით აიღო მიუნხენელთა კარი.
- მეტოქის მოტყუების წინ, დაგეგმილი გაქვს რამე თუ ყველაფერს ინტუიციურად აკეთებ?
შეუძლებელია მოქმედების წინასწარ დაგეგმვა. თამაშის დროს ყველაფერი თავისით მოდის.
- ვინ არის "რუბინში" შენი მასწავლებელი?
ცოტ-ცოტას ყველასგან ვსწავლობ, თუმცა ყველაზე დიდ ეფექტს ჩემზე შატოვი ტოვებს. ის არის 30-წლის და სატრენაჟორო დარბაზიდან პრაქტიკულად არ გამოდის.
- როგორია შენი გრაფიკი და კვების რაციონი?
ცხიმიან და ცომეულ საკვებს არ ვჭამ. ჩვენს ბაზაზე კეთდება მხოლოდ ის საჭმელი, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი წესით ცხოვრებას. ვიძინებ 23:00 საათამდე და მატჩამდე ერთი დღით ადრე კონსოლს არ ვეკარები, მხოლოდ ტელეფონით ვთამაშობ. შვებულებების დროს ვთამაშობ მინი-ფეხბურთს იმისთვის, რომ კილოგრამები არ მოვიმატო.
- ბოლო კითხვა - რუსტემ საიმანოვმა განაცხადა, რომ მას ძალიან სურს შენი შენარჩუნება. რას იტყვი ამის შესახებ?
არ ვიცი, რთულია პასუხის გაცემა, რადგან ნამდვილად არ ვიცი, თუ რა მოხდება ხვალ. დრო გვიჩვენებს, განვითარების გზა კი ყოველთვის არსებობს.
"ხალხი სტადიონზე ხვიჩას სანახავად დადის" - სლუცკიმ კვარას ტრავმა მსაჯს დააბრალა
"ფიგუ, როგორ გაუძელი ამ შეტევას?" - ლუიშ ფიგუმ კვარაცხელიას უპასუხა