კვარაცხელიასთვის ასარჩევად რომ მიდგეს საქმე, რატომ არის ოპტიმალური ვარიანტი მილანი და არა ნაპოლი?
კახა კალაძემ დაადასტურა, რომ ის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობდა როგორც პაოლო მალდინისთან ("მილანი"), ისე ჯენარო გატუზოსთანაც ("ნაპოლი").
საქმე-საქმეზე რომ მიდგეს და ქართველ შემტევს საქმე ჰქონდეს ასარჩევად, რატომ არის მისთვის ოპტიმალური ვარიანტი "როსონერი" და არა "ლურჯები"?
დავიწყოთ "აძურის" მინუსებით და მთავარი ასეთი არის კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის დამოკიდებულება თავისი მოთამაშეების მიმართ.
ნათელია, რომ "პარტენოპელებში" გადასვლის შემთხვევაშიც კი, ეს კლუბი ყაზანის "რუბინის" ლიდერისთვის კიდევ ერთ ტრამპლინად უნდა იქცეს.
იტალიელ ბიზნესმენთან კი მოლაპარაკებების წარმოება ამა თუ იმ ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით არის ურთულესი.
თავად განსაჯეთ - დიეგო მარადონას საყვარელი ევროპული გუნდის პრეზიდენტმა პრაქტიკულად კარიერის ბოლომდე არსად გაუშვა მარეკ ჰამშიკი და დრის მერტენსი, ახლა იგივე გზას ლორენცო ინსინიეც გადის.
ჩვენი 20-წლის ვინგერის გატუზოს გუნდში ათამაშების შემთხვევაში, აპენინელი პრეზიდენტი მას დაადებს ბორკილებს, რომლის მოხსნის ფასი ასტრონომიული სატრანსფერო ღირებულება იქნება.
გვახსოვს ის ფეხბურთელები, რომლებმაც მაინც შეძლეს "სტადიო სან პაოლოდან" გაქცევა, თუმცა ეს ყველაფერი ისევ და ისევ დიდ თანხებთან იყო კავშირში.
გონსალო იგუაინი (90 მილიონი), ედინსონ კავანი (65 მილიონი), ჟორჟინიო ფრელო (57 მილიონი) და ა.შ. ეს იყო კორონავირუსამდე, ახლა კი არსებული ფინანსური კრიზისის პერიოდში ნაკლებად სავარაუდოა, რომ 71-წლის ბიზნესმენმა მსხვილი თანხა ვინმეს წაართვას.
აქედან გამომდინარე, რუსული გუნდის 21-ე ნომრის კარიერა "ნაპოლიში" წარიმართება ბანალური სცენარით - დე ლაურენტისი მას დაადებს ატრონომიულ თანხას და სანამ ვინმე არ დააკმაყოფილებს მის ფინანსურ მოთხოვნებს, ფეხბურთელისთვის მისი კლუბი დახურული წრე იქნება.
"შავ-წითლებში" სხვაგვარი სიტუაციაა და იგივე მალდინის არაერთხელ უთქვამს, რომ კლუბის მიზანი ფეხბურთის თანამედროვე პრინციპებზე დაყრდნობით მუშაობაა.
დიახ, კვარაცხელიას ათამაშების შემთხვევაში მის შენარჩუნებას ეცდებიან "ეშმაკებიც", თუმცა ადეკვატურობის ფარგლებში და არა ისე, როგორც ამას "ლურჯები" აკეთებენ.
გაიხსენეთ ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ჩაიკეტა ლომბარდიაში, დიახ, ასეთი არავინაა. "სან სიროს" ბინადრები ჯანლუიჯი დონარუმას სათანადოდ შენარჩუნებასაც კი ვერ ახერხებენ.
"მალდინი და გატუზო დამიკავშირდნენ", - კალაძე კვარას მომავალზე
"რეალს ვქომაგობ, თუმცა სხვა ოცნება მაქვს", - ხვიჩას ვრცელი და ძალიან საინტერესო ინტერვიუ