ყველა ქომაგს ვერ დავეთანხმები... შუქურა 8-1 სხვა გუნდთან არ წააგებდა! - მამუჩაშვილის ინტერვიუ
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში სენსაციური ანგარიში დაფიქსირდა აჭარულ დერბიში. ქობულეთის შუქურა ბათუმის დინამოსთან 1-8 დამარცხდა. თანაც ისე, რომ პირველი გოლი ქობულეთელებმა გაიტანეს.
მატჩის შემდეგ Goal.Ge ბათუმის დინამოს ნახევარმცველს ვლადიმერ მამუჩაშვილს დაუკავშირდა და მასთან განვლილ ტურებსა და სამომავლო იმედებზე ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. შუქურას 23 წლის შუახაზელმაც გაუტანა, საკმაოდ ლამაზი გოლი.
-ასეთი სხვაობით დერბიში მოგებას წარმოიდგენდი?
-ჩემპიონატი რაც დაიწყო, დიდი სხვაობით მოგებული არ გვქონდა და ძალიან გვინდოდა. რომელი იქნებოდა ეს თამაში არ ვიცოდით, თუმცა გვინდოდა ისე მოგვეგო, ყველას ელაპარაკა ამაზე. პირველად ჩვენ გავუშვით, თუმცა ყველას ისეთი განწყობა გვქონდა, რომ ვიცოდით, მოვიგებდით. თამაშის წინ ასეთ ანგარიშს ვერ დაგეგმავ, თუმცა ყველაფერმა ხელი შეგვიწყო: გულშემატკივარი ზესტაფონში ჩვენს საქომაგოდ ჩამოვიდა, მინდორიც კარგ მდგომარეობაში იყო, ცოტაც წვიმდა და ბურთი სწრაფად მოძრაობდა.
-ეს მოგება სამომავლოდ დაეხმარება ბათუმის დინამოს გარდაქმნაში?
-კი, რა თქმა უნდა. ისე, აჭარულ დერბიში მოტივაცია არასდროსაა პატარა და ურთულესია, გახვიდე შუქურას წინააღმდეგ და 8-1 მოუგო. დარწმუნებული ვარ, შუქურა 8-1 არცერთ გუნდთან არ წააგებს! ეს მატჩი გუნდისთვის გარდამტეხი იქნება, თანაც, შემდეგი ტურიდან ვბრუნდებით საკუთარ ქალაქში, ბათუმშიც ვივარჯიშებთ და ვითამაშებთ. ჩვენი ქომაგის თანდასწრებით ასეთ სტადიონზე თამაში უდიდესი სიამოვნება იქნება.
-თბილისის დინამოსთან გასამართი შეხვედრა მე-12 ტურში იქნება და ისე მოხდა, რომ გუნდს აქამდე 11-ვე მატჩი გასვლაზე ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ გორში თამაშობდით საშინაო შეხვედრებს, მაინც უცხო გარემოში იყავით. რთული იყო ფეხბურთელებისთვის?
-დავკარგეთ ისეთი ქულები ამ სეზონში, რომელიც არ უნდა დაგვეკარგა, ჩვენი ბრალია, თუმცა ზოგისგან მესმის ასეთი ფრაზა: "სახლში თამაშობთ და როგორ კარგავთ ქულებს?", სახლში ვთამაშობთ გორში? კარგი რა... ყველა გასვლითი მატჩი იყო ჩვენთვის. გასაკრიტიკებლები ვართ და ჯანსაღი კრიტიკაც საჭიროა, მაგრამ ზოგი ისეთებს იძახის, ყველა ქომაგს ვერ დავეთანხმები! კარგია, რომ რთული პერიოდი ისე გადავლახეთ, რომ კვლავ ბრძოლაში ვართ.
-ტორპედოსთან ვერმოგებული მატჩის შემდეგ, ბათუმის დინამოს ქომაგთან ნაწილი წერდა ფეხბურთელთა არასერიოზულ დამოკიდებულებაზე გუნდის მიმართ. როგორია შენი აზრი?
-დარწმუნებული ვარ, პირატებს და ბათუმის დინამოს ნამდვილ გულშემატკივრებს ჩვენი სჯერა. არანაირად არ ვიყოფით. მიუხედავად იმისა, რომ რთული პერიოდი გვქონდა 11 ტურში, მათ მხარდაჭერას სულ ვგრძნობდით, ნამდვილი ქომაგების და არა ისეთი ჩასაფრებული ხალხის, რომელიც ვერმოგებული მატჩის შემდეგ წერდა ის უნდა წავიდეს, ეს უნდა მოვიდესო... გუნდში ყველას ერთმანეთის გვჯერა, ფეხბურთელებს სამწვრთნელო შტაბის, მწვრთნელებს ჩვენი და ა.შ. დარწმუნებული ვარ, ჩასაფრებულ კრიტიკოსებს მალე გავცემთ ჩვენი კარგი თამაშით პასუხს. დავბრუნდებით ჩვენ არენაზე, გადაიჭედება სტადიონი და დანარჩენს ყველა ნახავს.
ეროვნული ლიგის მე-11 ტურის შემდეგ ბათუმის დინამოს 22 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა, პირველადგილოსან თბილისის დინამოსთან სხვაობა 3 ქულაა და შემდეგი ტური 8 მაისს ამ 2 გუნდს შორის გაიმართება. აჭარლები გამარჯვების შემთხვევაში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლებენ.
"ბათუმმა რა დაგიშავა?" - რას წერენ გულშემატკივრები ჯანოს თბილისში გადასვლაზე?
შემოსვლიდან 30 წამში - ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთში მე-11 გოლი გაიტანა!