მიზეზი, რის გამოც ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები კოპა ამერიკაზე თამაშისგან თავს იკავებენ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, როჟერიო კაბოკოსთან განიხილავენ კოპა ამერიკაზე მონაწილეობისგან უარის მიღებას.
"სელესაოს" ფეხბურთელები უკმაყოფილოები არიან იმ ფაქტით, რომ ტურნირის ბრაზილიაში გადმოტანის შესახებ მათ გაიგეს არა პირადად, არამედ სოციალური ქსელების საშუალებით.
შეგახსენებთ, კოპა ამერიკას ჩატარება თავდაპირველად იგეგმებოდა არგენტინასა და კოლუმბიაში, თუმცა აღნიშნულ ქვეყნებში კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, მასპინძლის სტატუსი ბრაზილიას გადაეცა.
ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ არც ბრაზილიაშია სახარბიელო მდგომარეობა კორონავირუსით ინფიცირებულთა მიმართებაში.
მდგომარეობის განმუხტვა სცადა "ყვითლების" მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე ადენორ ლეონარდო ბაკიმ, თუმცა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს ერთი საინტერესო დეტალი:
ბრაზილიელ დამრიგებელთან ერთად, პრეს-კონფერენციაზე უნდა ყოფილიყო "პენტაკამპეონთა" კაპიტანი, კარლოს კაზემირო, მაგრამ მან ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა.
"სელესაოს" საყრდენი ნახევარმცველი იმ ფეხბურთელებს შორის არის, ვინც კოპა ამერიკაზე თამაშისგან იკავებს თავს და მის აზრს ევროპაში მოთამაშე სხვა ბრაზილიელებიც იზიარებენ.