არაბიძე: "მჭირდება სწორი გზა და სწორი კლუბი, რათა გულშემატკივარი კვლავ გავახარო"
როგორც რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე "სამტრედიაში" ვარჯიშობს.
GOAL.GE არაბიძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ მალე გულშემატკივარს კვლავ გაახარებს.
სამტრედიაში ვარჯიში
ამ კლუბში იმიტომ ვვარჯიშობ, რომ 2 თვეა არ მივარჯიშია და მსურს, შეკრებამდე ტონუსში ვიყო. ნასიონალთან კონტრაქტი კიდევ ერთ წლით მაკავშირებს და იქ წასვლა მომიწევს. რაც შეეხება გია ცეცაძეს, მისი სათამაშო სტილი და ხედვები ძალიან მომწონს, დიდ პატივს ვცემ და არ ვიცი, ერთად მუშაობა კვლავ მოგვიწევს თუ არა
საქართველოს ჩემპიონატზე
სიმართლე გითხრათ, ეროვნული ლიგის რამდენიმე კლუბიდან შემოთავაზება მქონდა და მაქვს, თუმცა ამჟამად ამ ვარიანტს არ განვიხილავ, რადგან ჯერ "ნასიონალში" უნდა ჩავიდე.
ჩავარდნა კარიერაში
მქონდა ტრავმები, ამასთანავე ნასიონალში ყველაფერი ისე ვერ აეწყო, როგორც მსურდა და ამას თავისი მიზეზბიც აქვს. ახლა მჭირდება სწორი გუნდი და სწორი გზა, რათა ისევ იმ ფორმაში ჩავდგე და გულშემატკივარი გავახარო. მთავარია, ჯანმრთელად ვიყო.
საქართველოს ნაკრებზე.
როცა ნაკრებს დავჭირდები, მათ ნებისმიერ დროს დავეხმარები. ვფიქრობ, ამჟამად სანაკრებო მატჩებისთვის მზად ჯერ არ ვარ. სანიოლთან პირადი კონტაქტი არ მქონია, თუმცა წინა მატჩებმა დაგვანახა, რომ ნაკრებს აქვს პოტენციალი, ყველას გაუწიოს წინააღმდეგობა.