რეალი, პსჟ, მბაპე - სასიყვარულო სამკუთხედი, რომელიც ბევრ კითხვას ტოვებს

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, კილიან მბაპეს მადრიდის "რეალში" შესაძლო გადასვლა კვლავ აქტუალურ თემად რჩება.
პრესაში ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია ფრანგი ფორვარდის "სამეფო კლუბში" წასვლასა და "პსჟ"-ში დარჩენის თაობაზეც.
უკანასკნელ პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გავერკვიოთ, თუ რა სურს "ბლანკოსს", "პარიზსა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევს.
"რეალი" - ინტერესი არ ცხრება, თუმცა ასტრონომიული თანხის ახლა გადახდას, მადრიდელებს ურჩევნიათ 2022 წლის ზაფხულამდე დალოდება, როდესაც "მამლების" 10-იანი თავისუფალი აგენტი გახდება.
"პარი სენ-ჟერმენი" - საპირისპირო და ლოგიკური სიტუცია, კლუბს არ სურს წარმოშობით კამერუნელი ბომბარდირის დათმობა, მაგრამ თუ ეს იქნება გარდაუვალი, ფრანგები მის სანაცვლოდ მოითხოვენ თანხას 180-250 მილიონი ევროს ფარგლებში.
22-წლის თავდამსხმელის თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვება არ განიხილება, რაც ნიშნავს იმას, რომ "პსჟ" მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ეცდება.
აქტუალურ ვარიანტად რჩება შესაძლო ბარტერი, ანუ "სამეფო კლუბი" მბაპეს სანაცვლოდ პარიზელებს შესთავაზებს ნაკლებ თანხას და ერთ ან თუნდაც რამდენიმე მოთამაშეს.
რაც შეეხება თავად ფრანგი ფორვარდის პოზიციას, აქ ყველაფერი ბურუსით არის მოცული, რადგან მისი ხასიათი და პრიორიტეტები ყოველდღე იცვლება.
ყველაზე აქტუალურ ვარიანტად მაინც რჩება "ლურჯ-წითლების" დატოვება და "ბლანკოსში" გადასვლა, თუმცა თავად კილიანი სურვილს არ აფიქსირებს ღიად, იფარგლება მხოლოდ მცირე მინიშნებებით.
ერთი სიტყვით, წელს თუ არა, მაშინ მომავალ ზაფხულს, მაურისიო პოჩეტინოს გუნდის შემტევის მომავალი აუცილებლად გაირკვევა, საკითხავია მხოლოდ ის, თეთრი თუ ლურჯი მხარის სასარგებლოდ...