ავტორიზაცია

ახალი ტურნირი, ახალი იმედი - დღეს, კონფერენს ლიგაზე 3 ქართული კლუბი გამოვა!

ახალი ტურნირი, ახალი იმედი - დღეს, კონფერენს ლიგაზე 3 ქართული კლუბი გამოვა!
თარიღი 08 ივლ 2021, 10:11

დღეს, 8 ივლისს, საღამოს 20:45 საათიდან, ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება კიდევ სამი ქართული გუნდი - ბათუმის "დინამო", გორის "დილა" და "გაგრა". აღნიშნული ტრიო გამოვა კონფერენს ლიგაზე, ევროპა ლიგაზე მოხვედრის პერსპექტივით. განვიხილოთ ყველაფერი საინტერესო მატჩების დაწყების წინ.

ჟილინა-დილა, 20:45

"დილას" მოწინააღმდეგე არის გუნდი, რომელიც ერთ დროს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც კი გამოდიოდა. ეს მოხდა 2010/2011 წლის სეზონში, მეტოქეები კი იყვნენ ლონდონის "ჩელსი", მარსელის "ოლიმპიკი" და მოსკოვის "სპარტაკი". იმის შემდეგ გასულია 10 წელი და ცხადია, ეს უკვე სულ სხვა გუნდია.

ცნობისთვის, 2013/2014 წლის სეზონის დასაწყისში, სლოვაკები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში გადაეყარნენ ქუთაისის "ტორპედოს", რომელიც ორი მატჩის ჯამში 6:3 (3:0, 3:3) დაამარცხეს. რაც შეეხება გასულ სეზონს, "ყვითელ-მწვანეებმა" ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულეს.

გორელები ევროტურნირის ფინალურ ეტაპზე არასდროს გასულან, მათი საუკეთესო შედეგი კი არის ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფები 2012-2013 წლებში. შიდა ქართლელები ერთხელ დამარცხდნენ "მარიტიმუსთან", მეორედ კი ვენის "რაპიდთან". რაც შეეხება გასულ სეზონს, მე-3 ადგილი ელიგაში.

სუტიესკა-გაგრა, 22:30

"სუტიესკას" ისტორია ევროთასებზე მოკრძალებულია - მესამე რაუნდის იქით, ეს გუნდი არასდროს გასულა. მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა გასული სეზონის დასაწყისში და ნიკშიჩელები პლეი-ოფში "ლინფილდმა" არ გაუშვა. ცნობისთვის, ეს გუნდი ქართულ მეტოქეს აქამდე არასდროს შეხვედრია.

მონტენეგროელებმა სეზონი დაასრულეს მეორე ადგილზე, მათი მოწინააღმდეგე "გაგრა" კი საერთოდ ქვედა ლიგიდანაა, რაც მართლაც უნიკალური მოვლენაა. როგორც გვახსოვს, ქართულმა გუნდმა მოიგო ქვეყნის თასი, რითაც კონფერენს ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. წარმატებები ჩვენებს!

ტრე პენე-დინამო ბათუმი, 22:45

ყველაზე საინტერესო, რაც შეიძლება "ტრე პენეზე" ითქვას არის ის, რომ აღნიშნულ გუნდში ცოტა ხნის წინ დუგლას მაიკონი ჩაირიცხა. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა მზად ბრაზილიელი ვინგბექი "დინამოსთან" მატჩისთვის. სან მარინოელები ქართულ მეტოქეს არასდროს შეხვედრილან, მათი მაქსიმუმი კი აქამდე ევროპა ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდი იყო ხოლმე.

ბათუმს ამ მხრივ აქვს უფრო მდიდარი ისტორია - იყო დრო, როდესაც ეს გუნდი ევროთასების საგზურს "პსვ ეინდჰოვენსა" და გლაზგოს "სელტიკთან" ათამაშებდა. ეს იყო შორეულ 90-იანებში, მაგრამ აჭარლები მოწოდების სიმაღლეზე დღესაც არიან. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ისინი არიან ელიგის მოქმედი ვიცე-ჩემპიონები და ამჟამინდელი ლიდერები.