ბარსელონა შარშია: ვერ არეგისტრირებს ახალ ფეხბურთელებს, ვერ აფორმებს კონტრაქტს მესისთან - ყველაფერი დეტალურად
წასვლა არავის არ უნდა!
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისას, „ბარსელონას“ მენეჯმენტმა გაძლიერებაზე კარგად იმუშავა: „მან.სიტიდან“ მოვიდნენ აგუერო და პერსპექტიული მცველი ერიკ გარსია, „ლიონიდან“ კი გუნდმა მემფის დეპაი წამოიყვანა, რომელზეც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იწერებოდა. გარდა ამისა, „ბეტისიდან“ დაბრუნდა 22 წლის მარჯვენა მცველი ემერსონი, რომელმაც კოპა ამერიკაზე ორი მატჩის ჩატარებაც მოასწრო.
პრობლემა კი იმაშია, რომ „ბარსელონა“ ახალ ფეხბურთელებს გაბერილი სახელფასო დებულების გამო ვერ არეგისტრირებს. კლუბმა უკვე გაყიდა კონრად დე ლა ფუენტე, ჟან-კლერ ტოდიბო და ჯუნიორ ფირპო, მაგრამ ეს არის ძალიან ცოტა, რადგან მათ ზედმეტად პატარა კონტრაქტები ჰქონდათ.
2019/20-სეზონში, „ბარსელონას“ სახელფასო დებულება 671 მილიონ ევროს შეადგენდა, ახლა კი გუნდი 383 მილიონში უნდა ჩაეტიოს - ეს არის მომდევნო სეზონის ჭერი, რომელიც ყველა კლუბისთვის ინდივიდუალურად, შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით გამოითვლება.
ამჟამად, „ბარსელონა“ ხელფასებზე თავისი შემოსავლის 110%-ს ხარჯავს.
მოგიყვებით, როგორ ცდილობს კლუბი ამ პრობლემის მოგვარებას:
„ბარსელონამ“ „ვულვერჰემპტონში“ იჯარით გაუშვა 21 წლის პორტუგალიელი ვინგერი, ფრანციშკუ ტრინკაუ, რომელიც 2020 წლის აგვისტოში „ბრაგადან“ 30 მილიონ ევროდ დაიმატა.
მოიშორა ბრაზილიელი საყრდენი მატეუს ფერნანდესი, რომელიც კლუბმა ტრინკაუს მსგავსად, 2020 წლის აგვისტოში, „ბოტაფოგოდან“ 7 მილიონ ევროდ დაიმატა. ბრაზილიელმა კლუბის მაისურით მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა (17 წუთი კიევის „დინამოსთან“ გასვლით მატჩში), ივნისში კი „ბარსამ“ მას კონტრაქტი გაუწყვიტა. ახლა, მატეუსი სასამართლოში ჩივილს აპირებს, რადგან ფიქრობს, რომ შეთანხმება უკანონოდ იყო განულებული.
ბარსელონას აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი კლუბის წინააღმდეგ სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას
თავისი სურვილით არ აპირებენ წასვლას სამუელ უმტიტი და მირალემ პიანიჩი. პირველის მოშორებას „ბარსელონა“ დიდი ხანია აპირებს, მაგრამ უმტიტი კონტრაქტის გაწყვეტაზე უარს ამბობს და ფიფაში მისვლასაც აპირებს იმ შემთხვევაში, თუ კლუბი მას ხელშეკრულებას ცალმხრივად გაუწყვეტს. უმტიტის მოტივაცია გასაგებია: გადასახადების გადახდამდე, მისი ხელფასი წლიურად 16 მილიონ ევროს შეადგენს - ამხელა ანაზღაურებას მას ახლა მსოფლიოს არცერთი კლუბი არ შესთავაზებს.
მსგავს სიტუაციაშია პიანიჩიც. ბოსნიელი, სათამაშო პრაქტიკის არქონის მიუხედავად, „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაწყვეტის კატეგორიული წინააღმდეგია. მისი წასვლა კლუბს ფინანსურად ძალიან დაეხმარებოდა, რადგან სუფთად პიანიჩი წლიურად 8 მილიონ ევროს იღებს.
გარდა ამისა, „ბარსას“ ჰყავს კიდევ ერთი ხმაურიანი და ძვირიანი აქტივი - ფელიპე კოუტინიო. მისი მოშორების იმედი „ბარსელონას“ უკვე ფიზიკურადაც აღარ აქვს - უბრალოდ არავინ ინტერესდება. ერთადერთი გზა ბრაზილიელის ხელფასისგან ცოტა ხნით გასათავისუფლებლად - მისი იჯარით გაშვებაა და ისიც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იჯარით ამყვანი მზად იქნება, მისი ხელფასი სრულიად თავად გადაიხადოს. კოუტინიოს ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით (დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია), ეს ვარიანტიც ძალიან ნაკლებად სავარაუდოა.
თუ ვერ მოხერხდება უმტიტი/პიანიჩიდან ერთ-ერთთან მაინც კონტრაქტის გაწყვეტა, კლუბი რისკავს რომ არა უბრალოდ ახალი ფეხბურთელები ვერ დაარეგისტრიროს, არამედ ლეო მესისთანაც ვერ გააფორმოს ახალი კონტრაქტი. ცნობისთვის, არგენტინელი იურიდიულად დღეს „ბარსელონას“ ფეხბურთელი არ არის.
არსებობს ალბათობა (ჯერ უცნობია, რამდენად მაღალი), რომ კატალონიელები ლეგენდების გაშვებას დაიწყებენ: სერხი რობერტო, სერხიო ბუსკეტსი, ჟორდი ალბა. არაა გამორიცხული, რომ საჭირო გახდება ახალგაზრდა და პერსპექტიულების გაშვება: სერჟინიო დესტი, რონალდ არაუხო და სხვები...
ბართომეუს ასეთი შემთხვევისთვის გეგმა ჰქონდა - გამოიყენებს თუ არა მას ლაპორტა?
ყველაფერი მარტივადაა: Sport.es-ის ინფორმაციით, „ბარსელონას“ ყოფილ პრეზიდენტს, ხოსეპ ბართომეუს Barca Corporate-ს 50%-ის გაყიდვა სურდა (მასში შედის ოთხი შიდა პროექტი, Barca Academy, Barca Innovation Hub, Barca Licensing and Merchandising (BLM) და Barca Studios). ეს კლუბს დაახლოებით 500 მილიონ ევროს მოუტანდა, რაც ხელფასების დებულებას ავტომატურად გაზრდიდა და ამიტომ, ლეო მესის ახალი კონტრაქტის გაფორმებაც მოხერხდებოდა ყველანაირი გაყიდვების და კონტრაქტების გაწყვეტის გარეშე.
მაგრამ, არის თუ არა მზად „ბარსელონას“ ახალი პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, საქმეში ჩართოს თავისი წინამორბედის გეგმა? და საერთოდ, ჰყავს თუ არა მყიდველები?