საშინელი მენეჯმენტი - რა ვითარებაში გაუშვა დინამომ გუნდის საუკეთესო მეკარე?
ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა დინამო თბილისმა პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაამთავრა. საქართველოს ჩემპიონები ბაქოს ნეფჩისთან ორმატჩიან დაპირისპირებაში 2-4 დამარცხდნენ.
არ ვაპირებთ დინამოს მეკარის, როინ კვასხვაძის დონესა და კვალიფიკაციაზე ვისაუბროთ, რადგან მას წარსულში ბევრი რამ აქვს დამტკიცებული, თუმცა ამ ორ წაგებაში საქართველოს ნაკრების ექს ფეხბურთელს რომ წვლილი მიუძღვის, ამას ვერ გავექცევით.
მიუხედავად იმისა, რომ როინ კვასხვაძე ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება, დინამოს ამ პოზიციაზე მაინც აქვს პრობლემები, ახლა კი გავიხსეოთ, როგორ გაუშვა საქართველოს ჩემპიონმა გუნდიდან ეროვნული ლიგის 2019 წლის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ესპანელი ხოსე პერალესი ისე, რომ ამას არავინ ელოდა.
2019 წელს დინამო თბილისი რომ ჩემპიონი გახდა, ამაში ხოსე პერალესს ლომის წილი აქვს, მან ეროვნულ ლიგაში რამდენიმე მატჩი პირადად მოიგო, სეზონის დასრულების შემდეგ კი უთხრეს, რომ გუნდი ახალ კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებდა.
ამის შემდეგ, 2020 წლის თებერვალში იგი კვლავ დააბრუნეს უკან, მაგრამ პანდემიის დაწყების შემდეგ, სამშობლოში, ესპანეთში მოუწია გაფრენა, ჩემპიონატი განახლდა და უთხრეს, რომ მის უკან ჩამოყვანას ვერ ახერხებდნენ, შესაბამისად ხოსე პერალესთან ხელშეკრულება გაწყდა და გუნდის პირველი, უკონკურენტო მეკარე როინ კვასხვაძე გახდა.
ამ წაგებით დინამო თბილისის გამოსვლა ევროტურნირებზე არ დასრულებულა. კახა ცხადაძის გუნდი კონფერენს ლიგაზე გადაერთო, სადაც მეორე ეტაპზე ებრაულ ჰაიფას მაკაბის დაუპირისპირდება.