"ვაქცინის გაკეთებას არ ვაპირებ! როგორ შეიძლება კარგი რამ უფასო იყოს?!" - გია გრიგალავა
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, გია გრიგალავას განცხადებით, იგი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს.
"თავად აცრილი არ ვარ, თავს მშვენივრად ვგრძნობ. არასწორად მიმაჩნია დააძალო ადამიანს ვაქცინის გაკეთება. არჩევნის საშუალება ყოველთვის უნდა იყოს, მითუმეტეს, ასეთ საკითხებში.
არ ვაპირებ ავიცრა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ არაა საჭირო. ცოტა ხნის წინ მსუბუქი დაავადება მქონდა და ანტისხეულები მაქვს. მეორეც, არის შემთხვევები, როცა ვაქცინაციის შემდეგ ადამიანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. არ მინდა ვიმარჩიელო, როგორი რეაგირება ექნება ჩემს ორგანიზმს ვაქცინაციის შემდეგ. ასე რომ, არ გავიკეთებ.
თუ ყველა გუნდში ვაქცინაცია სავალდებულო იქნება, მაშინ მომიწევს, მეც გავიკეთო. კორონავირუსის გარეშე ცხოვრება უკეთესი იყო, ამაზე საუბარიც არ ღირს. ვირუსი მეორე წელია არის და ამის ფონზე ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. გარკვეული პირობებით, ვაქცინის გაკეთება პანიკას იწვევს. რატომ? ვაქცინა უფასოა. როგორ შეიძლება კარგი რამ უფასო იყოს? თუ ის ძვირი ეღირებოდა, ყველა ეცდებოდა ამის ფული შეეგროვებინა, რომ ვაქცინა მიეღო," - განაცხადა გია გრიგალავამ.
საქართველოს ნაკრების 31 წლის მცველი ამჟამად უკლუბოდაა. მისი ბოლო გუნდი ტულის არსენალი იყო, რომელიც 2021 წლის მაისში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.