"დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭები სივასპორთან მეორე მატჩშიც ბოლომდე დაიხარჯებიან", - დინამო ბათუმის პრეზიდენტი
"სივასპორთან" შეხვედრის (1:2) შემდეგ, ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ სოციალური ქსელის საშუალებით თავისი გუნდის გულშემატკივრებს მიმართა:
"ძვირფასო გულშემატკივრებო, პირველ რიგში მადლობას გიხდით ჩვენი გუნდის მიმართ გამოჩენილი მხურვალე მხარდაჭერისთვის, დინამო ბათუმის ქომაგების გეოგრაფიული არეალი ბოლო პერიოდში საკმაოდ გაფართოვდა და ჩვენი რეგიონის ფარგლებს გასცდა, ეს ფაქტი ძალიან მახარებს და გულითად მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს.
მინდა გითხრათ, რომ ბრძოლა გრძელდება და ჩვენი მიზნები უცვლელია. დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭები სივასპორთან გასვლით შეხვედრაშიც ბოლომდე დაიხარჯებიან და სასურველი შედეგის მისაღწევად თავს არ დაზოგავენ.
ჩემთვის ამ პროექტის განხორციელების დაწყების დღიდან მთავარი გამოწვევა საქართველოს ჩემპიონობა იყო და იმედი მაქვს გულშემატკივართან ერთად ამ ოცნებასაც მალე ავიხდენთ.
ღრმად მწამს, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და დინამო ბათუმის ახალი ისტორიის წერას ერთად გავაგრძელებთ. პატივისცემით: არჩილ ბერიძე", - განაცხადა ქართველმა.