კომანისთვის პრემიერ ლიგის ორი გუნდი იბრძვის
კინგსლი კომანმა შესაძლოა მიუნხენის „ბაიერნი“ ამ ზაფხულს დატოვოს. Sport1.de-ს ინფორმაციით, აგენტი პინი ზაჰავი, რომელიც ფრანგის ინტერესებს წარმოადგენს, ინგლისურ გუნდებს ესაუბრება.
„ბაიერნს“ 25 წლის ფეხბურთელთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჯერაც არ დაუწყია, თუმცა ფეხბურთელის შენარჩუნება სურს. ბოლოს, როცა მხარეებმა ამ საკითხზე დაიწყეს საუბარი, მათ შორის დიდი უთანხმოება აღმოჩნდა, პირველ რიგში კომანის ახალ ხელფასთან დაკავშირებით.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დახურა „დორტმუნდის“ შემტევის, ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერი, კომანის შეძენაზე უარი თქვა. თავიდანვე, „წითელი ეშმაკებისთვის“ ფრანგი შემტევი სარეზერვო ვარიანტი იყო, სანჩოს ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევისთვის.
ყველაზე აქტიურად, კომანის გარშემო შექმნილ ვითარებას ამჟამად „ლივერპული“ აკვირდება, რომლის გარემოცვაც ადასტურებს, რომ მის მიმართ მერსისაიდელები ინტერესს იჩენენ.
ბუნდესლიგის დასრულებულ სეზონში კომანმა 29 მატჩში 5 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა, მისი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს იწურება.