ავტორიზაცია

ისევ 12 აგვისტო და ისევ თურქების წინააღმდეგ - დინამო ბათუმს დღეს დიდგორის ბრძოლა ელის!

ისევ 12 აგვისტო და ისევ თურქების წინააღმდეგ - დინამო ბათუმს დღეს დიდგორის ბრძოლა ელის!
თარიღი 12 აგვ 2021, 09:47

1121 წლის 12 აგვისტო - დიდგორის ბრძოლა ან ძლევაი საკვირველი - ქართველთა ბრძოლა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ დიდგორის ველზე (მანგლისის მახლობლად, თბილისის მისადგომებთან).

თურქ-სელჩუკთა დამარცხებულმა ლაშქარმა დიდი ზარალი ნახა. მათე ურჰაელის სიტყვებით, "იმ დღეს იქნა სასტიკი და საშინელი ამოწყვეტა თურქთა ჯარებისა და აღივსნენ გვამებით მდინარენი და მთათა ხევები და ყოველნი მთათა ქარაფნი დაიფარნენ“ მტრის გვამებითო".

მაჰმადიანთა ლაშქრის დიდი ნაწილის ამოწყვეტის შესახებ მიუთითებს ალ-ფარიკიც: "მოიკლა მუსლიმანთაგან უთვალავი რაოდენობა და დარბეულ იქნენო". იბნ ალ-ასირის სიტყვებითაც "მაჰმადიანთა ლაშქრის უმეტესობა დაიღუპა ბრძოლის ველზე".

"აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი მძორებითაო," — წერს დავითის ისტორიკოსიც; დახოცილთა შორის, მისივე სიტყვით, იყვნენ "სახელოვანნი იგი მებრძოლნი არაბეთისანი". მაჰმადიან მოლაშქრეთა დიდი ნაწილი კი ტყვედ ჩაიგდეს ქართველებმა.

დავითის ისტორიკოსის მიხედვით, ეს სისხლისმღვრელი ბრძოლა მხოლოდ სამ საათამდე გაგრძელდა. იგი წერს: "მეფისა დავითისი ესოდენთა (ასე მრავალრიცხოვან მოლაშქრეთა) მიმართ წინა-განწყობა (შტევა) სამ ჟამადმდე იყო (სამ საათამდე გაგრძელდა) და ვერცა პირველსა კუეთებასა (შეტაკებას) შეუძლეს წინა-დადგრომად"-ო.

2021 წლის 12 აგვისტო - ბათუმის "დინამო" მთელი საქართველოს სახელით ეცდება კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გასვლას და მოწინააღმდეგეები კვლავ თურქები არიან.

შეხვედრა დაიწყება ჩვენი დროით 22:00 საათზე და პირდაპირ რეპორტაჟს აჭარის ტელევიზია შემოგვთავაზებს. სტადიონი Sivas 4 Eylül Stadyumu შეივსება 50%-ით, რაც დაახლოებით 14 000-მდე ქომაგის მოსვლას გულისხმობს.

შეგახსენებთ, აჭარული გუნდისა და "სივასპორის" პირველი შეხვედრა დასრულდა სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1. როგორც გვახსოვს, აჭარლებმა მეორე გოლი 95-ე წუთზე გაუშვეს.

"ზღვისპირელებს" ვერ დაეხმარება სამი ფეხბურთელი - ლაზარე კუპატაძე (კორონავირუსი), გიორგი ზარია (კორონავირუსი) და თორნიკე გაფრინდაშვილი (დისკვალიფიკაცია).

გია გეგუჩაძის გუნდის სავარაუდო შემადგენლობა - ალავიძე, აზაროვი, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ალთუნაშვილი, ტეიდი, მამუჩაშვილი, შინდაგორიძე, ჯიღაური, ფანცულაია

რა იქნება შემდეგ?

"თეთრ-წითლების" ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, "დინამო" კონფერენს ლიგის პლეი-ოფში დაუპირისპირდება "კოპენჰაგენი" - პლოვდივის "ლოკომოტივს" შორის გამარჯვებულს. შეგახსენებთ, დანიურ გუნდში დავით ხოჭოლავა თამაშობს.

"დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭები სივასპორთან მეორე მატჩშიც ბოლომდე დაიხარჯებიან", - დინამო ბათუმის პრეზიდენტი