სრული სიგიჟე პარიზიდან - კლუბი რონალდუს ტრანსფერსაც განიხილავს
As-ს თუ დავუჯერებთ, "პარი სენ-ჟერმენი" სრული სერიოზულობით განიხილავს ტურინის "იუვენტუსის" ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერს, თუმცა არა ახლა, არამედ 2022 წლისთვის.
ალბათობა იმისა, რომ კილიან მბაპე დატოვებს "პსჟ"-ს და გადავა მადრიდის "რეალში", საკმაოდ მაღალია, პორტუგალიელი თავდამსხმელი სწორედ მის შემცვლელად განიხილება.
"ბებერი ქალბატონის" ფორვარდის კონტრაქტი გათვლილია 2022 წლამდე, ისევე როგორც ფრანგი შემტევის, რომლის გახანგრძლივებასაც ფეხბურთელები თავის ამჟამინდელ კლუბებთან არ აპირებენ.
ცხადია, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული 2021/2022 წლის შედეგებზე და თუ პარიზელთა ბომბარდირი გადაიფიქრებს "სამეფო კლუბში" გადასვლას, "ბიანკონერის" 7-იანის ტრანსფერიც აქტუალურობას დაკარგავს.
შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-წითლებმა" ამ ზაფხულს უკვე დაიმატეს ლიონელ მესი, სერხიო რამოსი, ჯორჯინიო ვეინალდუმი, ჯანლუიჯი დონარუმა და აშრაფ ჰაკიმი.