ჩაკვეტაძის დაბრუნება, კვარაცხელიას გამოვარდნა და ბევრი სხვა - ქართველი ლეგიონერების დღე ევროთასებზე
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები მოვლენებით იყო სავსე. ბათუმის "დინამოს" გმირობის გარდა, გამოსარჩევია ოთხი ქართველი ლეგიონერის ასპარეზობა. მიმოვიხილოთ მათი მონაგარი.
გიორგი ჩაკვეტაძე (რფს-გენტი 0:1)
"გენტისა" და "რფს"-ს პირველი შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 2:2, რაც ნიშნავდა იმას, რომ გიორგი ჩაკვეტაძის გუნდს იოლი გასეირნება არ ელოდა. მოლოდინი არ გამართლდა, ბელგიელებმა მოიგეს, გუნდის შემადგენლობაში კი ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოჩნდა.
"ბუფალოების" ფლეიმეიქერი თამაშში ჩაერთო 63-ე წუთიდან, რაც იყო იმის მანიშნებელი, რომ ტრავმატული პერიოდი წარსულში დარჩა. "ლურჯების" შემდეგი მეტოქე იქნება ჩენსტოხოვის "რაკუვი", რომელმაც ყაზანის "რუბინი" დაამარცხა.
დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი-ლოკომოტივ პლოვდივი 4:2)
უხვგოლიანი მატჩი, რომელიც დასრულდა "კოპენჰაგენის" გამარჯვებით, 4:2 ტაბლოზე და 5:3 ორი შეხვედრის ჯამში. ხოჭოლავამ ითამაშა 90 წუთი და ქომაგებს საიმედო თამაშით დაამახსოვრა თავი.
დანიური გუნდის შემდეგი მოწინააღმდეგე იქნება "სივასპორი", სწორედ ის, რომელმაც 12 აგვისტოს ღამეს დრამატულ ბრძოლაში ასპარეზობას აჭარლები გამოთიშა.
ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი-რაკოვი 0:1)
"რუბინი" ამ წყვილში ითვლებოდა გამოკვეთილ ფავორიტად, თუმცა ბევრისთვის მოულოდნელად კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გავიდა "რაკოვი", რომელმაც მეტოქე 111-ე წუთზე გატეხა.
აღსანიშნავია ის, რომ 107-ე წუთიდან ყაზანელები კაცნაკლულები იყვნენ. რაც შეეხება კვარაცხელიას, მან მოედანზე დაჰყო 117-ე წუთი. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი:
დამატებითი დროის 122-ე წუთზე, რუსულმა გუნდმა პენალტი ვერ გამოიყენა (!). "წითელ-მწვანეები" ბრუნდებიან სახლში, ჩენსტოხოველებს კი "გენტთან" მატჩი ელით.
გიორგი ლორია (ანორთოსისი-რაპიდი 2:1)
"ანორთოსისმა" ითამაშა არა კონფერენს ლიგის, არამედ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც მართალია "რაპიდს" 2:1 მოუგო, თუმცა ორი შეხვედრის ჯამში 2:4 დამარცხდა.
ფამაგუსტელთა კარს 90 წუთის განმავლობაში ლორია იცავდა. კვიპროსულმა გუნდმა გადაინაცვლა კონფერენს ლიგის პლეი-ოფში, სადაც ბერ შევას "ჰაპოელს" შეხვდება.
განაცხადს მიღმა
კონფერენს ლიგაზე აგრეთვე გაიმართა შემდეგი დაპირისპირებები - "პაოკი" - "ბოჰემიანსი" 2:0, "ბაზელი" - "უიპეშტი" 4:0, "ჟილინა" - "ტობოლი" 5:0. ნიკა ნინუა, გიორგი ბერიძე და ელგუჯა ლობჯანიძე თავისი გუნდების განაცხადში არ იყვნენ.