"უბედნიერესი ვარ, ქართველი ხალხი გავახარე" - მამარდაშვილის პირველი კომენტარი
ქართველებისთვის ისტორიული დღე წარმოუდგენელი ამბით დასრულდა - „ვალენსიამ“ ლა ლიგის პირველ ტურში „ხეტაფე“ კაცნაკლულმა 1:0 დაამარცხა.
ისტორიული დღე იყო ქართველი ქომაგისთვის. 20-წლიანი პაუზის შემდეგ ლა ლიგაში სასტარტო შემადგენლობიდან კვლავ ითამაშა ქართველმა ფეხბურთელმა.
გიორგი მამარდაშვილი მატჩის შემდეგ პირდაპირ ეთერში ჩვენს პარტნიორ გვერდ Geo Team-ს ჩაერთო, სადაც პირდაპირ ეთერში რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრეს.
"ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ოცნება ავიხდინე. უბედნიერესი ვარ, რომ ქართველი ხალხი გავახარე. მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის.
ბოლო წუთებზე განხორციელებული სეივი? შემიძლია ვთქვა, რომ კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო.
სათამაშო სიტყვები რაც არის, ესპანურად თითქმის ყველაფერი ვისწავლე, რომ ბიჭებს ვუკარნახო რიგ ეპიზოდებში. დანარჩენს ნელ-ნელა ვისწავლი.
ხოსე ბორდალასთან ურთიერთობა? მას ვერ ვესაუბრები, ინგლისური არ იცის, ესპანური არ ვიცი, თუმცა მეკარეების მწვრთნელთან ძალიან ხშირი და კარგი კომუნიკაცია მაქვს.
იასპერ სილესენი? ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და მისგან ბევრს ვსწავლობ," - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა Geo Team-თან პირდაპირ ეთერში.
გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას მხოლოდ მიმდინარე წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან ერთწლიანი იჯარით შეუერთდა და 20 წლის მეკარემ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის ნდობა მოიპოვა.
მომდევნო მატჩს ვალენსია 21 აგვისტოს გრანადას წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.