ავტორიზაცია

იმაზე აქტიური, ვიდრე ოდესმე - რეალმა ოპერაცია "კილიან მბაპე" დაიწყო

იმაზე აქტიური, ვიდრე ოდესმე - რეალმა ოპერაცია "კილიან მბაპე" დაიწყო
თარიღი 15 Aug 2021, 17:25

აგვისტოს ბოლო რიცხვები მოახლოვდა და მადრიდის „რეალმა“ ოპერაცია სახელად „კილიან მბაპე“ გაააქტიურა.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, მადრიდული კლუბი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კილიანის შეძენას ყველანაირად ეცდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „პსჟ“ მის გაყიდვას ადვილად დათანხმდება. 

სიტუაცია იმაზე აქტიურია, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ამ ეტაპზე „პსჟ“ მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგია. თუმცა, ხელმძღვანელობიდან უკვე გაისმა რამდენჯერმე ფრაზა, რომ მბაპეს მომავალ ზაფხულს უფასოდ დაკარგვას, ბევრად სჯობს მისი გაყიდვით ეკონომიკური ბალანსის დალაგება, რომელიც პარიზელებს, ვარსკვლავების დამატების შემდეგ, აშკარად გასასწორებელი აქვთ.

იგივე გამოცემა ამბობს, რომ ორი კვირის წინ, „პსჟ-მ“ მბაპეს ნეიმარის მსგავსი ხელფასი და 6-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა ფრანგის პასუხი ისევ იგივე იყო: „გახანგრძლივება არ მინდა.“ 

22 წლის ფეხბურთელს საჯარო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ ალ ხელაიფიმაც და პოჩეტინომაც პირადად ფეხბურთელისგან უკვე არაერთხელ შეიტყვეს, რომ ის კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

მბაპემ იცის, რომ „მადრიდში“ მთელი არსებული სპორტული პროექტის მთავარი სახე იქნება - ის, რაც ფეხბურთელს სურს და რასაც „პსჟ“, ბოლოდროინდელი ტრანსფერების ფონზე, მას ნამდვილად ვერ შეპირდება.

„რეალს“ ამ ტრანსფერის განსახორციელებლად საჭირო ფინანსები გააჩნია, თუმცა სიგიჟის ჩადენასაც არ აპირებს, რადგან მომავალ ზაფხულს ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი ხდება. პრესაში გაიჟღერა ციფრმა „150 მილიონი ევრო“ და ალბათ ეს არის მაქსიმუმი, რის გადახდასაც წელს „რეალი“ ამ ფეხბურთელში აპირებს.

ამ ეტაპზე, მბაპეზე ზეწოლა მაქსიმალურია - ფანებისგან, პრეზიდენტისგან, პოჩეტინოსგან, თანაგუნდელებისგანაც კი. „რეალი“ საჭირო მომენტს ელოდება და როგორც კი სიტუაცია მაქსიმალურად დაიძაბება - შემოთავაზება მზად იქნება.

ამ შემთხვევაში, დრო და სიტუაცია რეალის სასარგებლოდ მოქმედებს, კლუბს ამხანაგური გარიგება სურს, ყველანაირი დაძაბულობის გარეშე - პარი სენ ჟერმენმა იცის, რომ არის ერთი კლუბი, რომელიც მზადაა მბაპეში წელსვე საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადოს, მიუხედავად იმისა, რომ ის მომავალ ზაფხულს უფასო იქნება.

სეზონის კარგ დასაწყისს „რეალის“ გეგმები არ შეუცვლია - თუ მბაპეს მოსვლა წელს შესაძლებელია, 2022-მდე დაცდას ეს ნამდვილად სჯობს. კლუბმა იცის, რომ ფინანსურად ამ ტრანსფერს მარტივად გაწვდება.