რა ხდება კრიშტიანუს თავს? — პსჟ-ს შემდეგ, რონალდუს დამატება რეალმაც იუარა
"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ "რეალში" კარიერას არ გააგრძელებს, იტყობინება Marca.
ავტორიტეტული ესპანური გამოცემის თანახმად, მადრიდული გრანდი 36 წლის პორტუგალიელის დაბრუნებას არ განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე მისდამი "ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ინტერესზე დაიწერა.
"რეალს" რონალდუს ხელში ჩაგდება რამდენიმე თვის წინ უნდოდა, მაგრამ მაშინ თავად კრიშტიანუმ უთხრა თავის ყოფილ კლუბს უარი. სუპერვარსკვლავი "იუვენტუსში" რჩება და ტურინში გააგრძელებს ასპარეზობას.
აღსანიშნავია, რომ აქამდე "ოქროს ბურთის" 5-გზის მფლობელის დამატებაზე უარი "პარი სენ ჟერმენმაც" განაცხადა. აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა კი მისი წაყვანა "მანჩესტერ სიტის" შესთავაზა, რომლის პასუხიც ჯერჯერობით უცნობია.
რონალდუმ, რომელსაც მოქმედი ხელშეკრულების ვადა "იუვესთან" მომავალ ზაფხულს ეწურება, გასულ სეზონში მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.