4 გუნდი, რომლის სახელს აზაროვს უკავშირებენ
ბათუმის "დინამოს" შემადგენლობაში ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ, ირაკლი აზაროვით არაერთი გუნდი დაინტერესდა. სხვადასხვა სატრანსფერო ცნობების თანახმად, ქართველ მარცხენა მცველს ამ დროისთვის ჰყავს 4 მსურველი.
ყველაზე სერიოზულ და პერსპექტიულ ვარიანტად მოიაზრება "ბრიუგეში" შესაძლო ტრანსფერი. ახალი ამბავი არ არის, რომ ბელგიაში ათამაშება არის პირდაპირი გზა უფრო მაღალი რანგის ჩემპიონატებისკენ.
"შავ-ლურჯების" ინტერესი დაადასტურა აჭარული კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ, რომელმაც ისიც აღნიშნა, რომ მისი გუნდის ვინგბექს ზაგრების "დინამოც" აკვირდება.
რუსულმა პრესამ თავის მხრივ დაწერა 19-წლის განაპირა მცველის "კრასნოდარში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ, კვიპროსელები კი მის სახელს "პაფოსს" უკავშირებენ.
Transfermarkt-ი ზღვისპირელთა მე-16 ნომერს აფასებს 250 ათას ევროდ, თუმცა 2019 წლის მაისში მისი სატრანსფერო ღირებულება 300 ათასსაც აღწევდა. აქვე დავამატებთ, აზაროვმა ერთი მატჩის ჩატარება საქართველოს ნაკრებშიც მოასწრო.