მბაპეს უარი პსჟ-ს, მისი სავარაუდო შემცვლელი (რონალდუ არა) და სატრანსფერო დედლაინი რეალისთვის
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი კვირით ადრე, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, კილიან მბაპეს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება. ფრანგის წასვლა კვლავ აქტუალურია.
"პსჟ" მთელი ძალებით ცდილობს თავისი ფორვარდის შენარჩუნებას და მას ახალ წინადადებას უმზადებს. პარიზელთა შემოთავაზება ასეთია - ხუთწლიანი კონტრაქტი და კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება სურვილის შემთხვევაში.
ამის გარდა, "ლურჯ-წითლების" შვიდიანს მოემატება ხელფასი და ცხადია, ბონუსებიც გათვალისწინებული იქნება. 22-წლის შემტევის ანაზღაურების ზუსტი რიცხვი არ სახელდება, მაგრამ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ის ამ კომპონენტში იქნება კლუბის მე-3 მოთამაშე, ლეო მესისა და ნეიმარ ჟუნიორის შემდეგ.
RMC Sport-ის თანახმად, აღნიშნული ვარიანტი არ აწყობს წარმოშობით კამერუნელ ბომბარდირს და მან უარით უკვე გაისტუმრა "პარი სენ-ჟერმენის" სპორტული დირექტორი, ლეონარდო არაუჟო.
მბაპესთვის გზა ხსნილია და რჩება ორი დეტალი - "სამეფო კლუბის" მხრიდან შეთავაზების გაკეთება და "პსჟ"-ს მხრიდან ამ წინადადების მიღება. დედლაინი - 31 აგვისტო.
პარიზული კლუბი მოქმედებს წინდახედულად და ფრანგ გოლეადორთან მოლაპარაკებების პარალელურად არჩევს მის პოტენციურ შემცვლელსაც. "ლურჯ-წითლები" ამ როლში რიშარლისონ დე ანდრადეს განიხილავენ.
ბრაზილიელი შემსრულებელი "პარკ დე პრენსზე" გადმოსვლის წინააღმდეგი არ არის და ამის გარდა, მოსალოდნელ ტრანსფერში მნიშვნელოვანი როლი ნეიმარის ფაქტორმაც შეიძლება შეასრულოს.
"სელესაოს" ლიდერი "ევერტონის" თავდამსხმელის ახლო მეგობარია და ცხადია, რომ კილიანის წასვლის შემთხვევაში, ტრანსფერში ჩართული ისიც იქნება. მოკლედ, უსაქმოდ არც "პსჟ"-ს სხვა ვარსკვლავური ფორვარდი რჩება.