[EXCLUSIVE] სფფ-მ მთავრობას მატჩზე ვაქცინირებულთა დასწრების თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო
საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბერში 2 ოფიციალურ და ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. "ჯვაროსნები" მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 2 სექტემბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე პირველად ჩაატარებენ, სადაც კოსოვოს უმასპინძლებენ.
ოფიციალურად დადასტურდა, რომ აღნიშნული მატჩი გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება.
GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს მთავრობას კოსოვოსთან მატჩზე ვაქცინირებული გულშემატკივრის დასწრების თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო. არადა, ევროპის ყველა დიდ ქვეყანაში სტადიონზე ხალხის დასწრება ამ სტილში, ან PCR ტესტის წარმოდგენით ხდება.
კოსოვოსთან მატჩი 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.