კაცი, რომელმაც ბატეს ჰეგემონია დაამხო - დინამო თბილისს ახალი სპორტ.დირექტორი ჰყავს
საქართველოს ჩემპიონის სპორტულ მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი, ალექსანდრე რეხვიაშვილი ეყოლება.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, დინამო თბილისის სპორტული დირექტორი საქართველოს ნაკრების და დინამო თბილისის ყოფილი ნახევარმცველი, ალექსანდრე რეხვიაშვილი გახდა. მხარეები უკვე შეთანხმდნენ და რამდენიმე დღეში იგი ქართულ კლუბში საქმიანობას დაიწყებს.
ალექსანდრე რეხვიაშვილის ბოლო კლუბი ბელარუსის ჩემპიონი, სოლიგორსკის შახტიორი იყო, სადაც წარმატებული მუშაობით გაითქვა სახელი. მისი გუნდში ფუნქციონირების პერიოდში შახტიორმა ბელარუსის ჩემპიონატში ბატეს 12-წლიანი ჰეგემონია დაასრულა და გასულ სეზონში ბორისოველებს ჩემპიონის ტიტული წაართვა, ასევე კლუბმა მოიგო ბელარუსის თასი.
ალექსანდრე რეხვიაშვილი ფეხბურთელობის პერიოდში დინამო თბილისში თამაშობდა. 1991-93 წლებში დედაქალაქური გუნდის მაისურით 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა.