"კუმანის მხრიდან მხოლოდ უპატივცემულობას ვგრძნობდი", - პიანიჩი ბარსელონადან წასვლის მიზეზებზე ალაპარაკდა
"ბეშიქთაშის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა "ბარსელონადან" წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. ბოსნიელი ჰავბეკის თქმით, პრობლემები მას რონალდ კუმანმა შეუქმნა.
"კუმანი არასდროს მესაუბრებოდა, მან მხოლოდ ერთხელ მკითხვა, თუ როგორ ვგრძნობდი თავს. ვუთხარი, რომ მსურდა თამაში, ნიდერლანდელმა თავკაცმა კი მიპასუხა, რომ უნდა მებრძოლა.
ამისთვის თავიდანვე ვიყავი მზად, უბრალოდ ის შანსსაც კი არ მაძლევდა. რონალდის მხრიდან ჩემი მისამართით მხოლოდ უპატივცემულობა იგრძნობოდა, სამწუხაროა.
მე ვარ ფეხბურთელი, რომელმაც ბარსელონაში გადასვლამდე იუვენტუსში მოიგო ოთხი სკუდეტო, ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ამ ტურნირზე ჩაატარა 100 მატჩი.
ვიცოდი, რომ ამ გუნდში არაფერი მექნებოდა გარანტირებული, თუმცა არც ათვალწუნების ღირსი ვიყავი", - განაცხადა სტამბოლელთა შუახაზელმა კატალონიის დატოვების შემდეგ.
შეგახსენებთ, 31-წლის ნახევარმცველს უწინასწარმეტყველებდნენ ტურინში დაბრუნებას, თუმცა ის "არწივებში" აღმოჩნდა. ბალკანელი ჰავბეკი "შავ-თეთრებში" იჯარით ითამაშებს.