"ვერ ვიძინებდი", - პირველი ადამიანი, ვინც ფატის 10-ნომრიანი მაისურები შეიძინა მამამისი იყო
როგორც იცით, ლეო მესის „პსჟ-ში“ გადასვლის შემდეგ, „ბარსელონას“ ახალი ათიანი ჰყავს.
„ბარსასთვის“ ამ ლეგენდარული და ტრადიციული ნომრის ტარების ვალდებულება საკუთარ თავზე 18 წლის შემტევმა ანსუ ფატიმ აიღო, რომელმაც წინა სეზონი საუცხოოდ დაიწყო და საწყის 6 მატჩში 4 გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა ნოემბერში ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მოედანზე ჯერაც არ გასულა.
ფეხბურთელის მიერ ამ საპატიო ნომრის აღებაზე ანსუ ფატის მამამ, ბორი ფატიმ ემოციურად ისაუბრა:
„ვერ ვიძინებდი. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ როგორც კი მაღაზია გაიხსნება, იქ უნდა ვიყო. სიტყვებიც არ მყოფნის ასაღწერად, თუ რას ნიშნავს ჩემთვის ის ფაქტი, რომ ლეო მესისგან 10-ნომრიანი მაისური ანსუმ აიღო.
ამას ვერავინ წარმოიდგენდა, ნამდვილი სიგიჟეა. ეს ძალიან ემოციური მომენტია, რომელიც სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში.“ - აღნიშნა ანსუ ფატი მამამ, ბორი ფაქტიმ.
ცნობისთვის, ბორი ფატი აღმოჩნდა პირველი ადამიანი, რომელმაც „ბარსელონას“ ოფიციალურ მაღაზიაში ფატის 10-ნომრიანი მაისური შეიძინა, თანაც ერთი კი არა - რვა, ოჯახის წევრებისთვისაც.