ავტორიზაცია

5 რამ, რაც ესპანეთი - საქართველოს მატჩმა დაგვანახა

5 რამ, რაც ესპანეთი - საქართველოს მატჩმა დაგვანახა
თარიღი 06 Sep 2021, 22:27

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურის მატჩში ესპანეთმა საქართველოს ნაკრები 4-0 გაანადგურა.

GOAL.GE გთავაზობთ იმ თემებს, რომელიც ესპანეთთან მატჩის შემდეგ ქართველი გულშემატკივრისთვის კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.

ნახევარდაცვის ხერხემალი განაცხადს მიღმა

კოსოვოსთან და ესპანეთთან ჩატარებულმა მატჩებმა კარგად აჩვენა, რომ ნიკა კვეკვესკირის გარეშე საქართველოს ნაკრებს ნახევარდაცვაში ძალიან უჭირს. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ესპანეთთან ვინც არ უნდა ყოფილიყო, აზრი არაფერს ექნებოდა, თუმცა ხშირად ჰქონდათ ჩვენ ნახევარმცველებს ბურთი, რომელსაც უმისამართოდ იგერეიბდნენ. გიორგი ლორიას ხშირად უწევდა ბურთის წინ ატანა, რომელიც იკარგებოდა და ესპანელები ახალ შეტევაზე მოდიოდნენ.  ამ საქმეს კი ვლადიმირ ვაისის ნაკრებში უმეტეს შემთხვევაში ნიკა კვეკვესკირი ითავსებდა.

ოთარ კაკაბაძის როლი საქართველოს ნაკრებში

საქართველოს ნაკრების მწვრთნელ ვილი სანიოლის მოსვლის დღიდან მოეწონა ბათუმის დინამოს მარჯვენა მცველი გრიგოლ ჩაბრაძე და "ჯვაროსნების" მატჩების უმეტესობაში შემადგენლობაში დაცვის მარჯვენა ფლანგზე სწორედ ჩაბრაძე ათამაშა, როცა ოთარ კაკაბაძე შეუცვლელი ფეხბურთელი იყო. შვედეთთან და რუმინეთთან მატჩებში ბათუმის დინამოს ფეხბურთელმა საქმეს თავი ნორმალურად გაართვა, თუმცა კოსოვოს და ესპანეთის წინააღმდეგ ჩაბრაძის თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა, უსუსტესი იყო ყველა ასპექტით.

სხვათაშორის, ესპანეთთან კვარაცხელიას გოლს რომ ყველა ტკბილად იხსენებს, იმ გატანილ ბურთში 60%-იანი დამსახურება სწორედ ოთარ კაკაბაძეს ჰქონდა.

რა ეშველება დაცვას?

ესპანეთის ნაკრებთან ბევრ გუნდს წაუგია, მაგრამ გოლები, როგორებიც საქართველოს ნაკრებმა "ფურია როხას" წინააღმდეგ გაუშვა, ასეთ ბურთებს გიბრალტარი, სან მარინო, მალტა და ფარერების კუნძულების ქვეყნები უშვებენ. საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზი ისე თამაშობდა, თითქოს გუნდში ნახევრადპროფესიონალი ფეხბურთელები თამაშობდნენ. 4-0 წავაგეთ, თუმცა 6 გოლი გავუშვით, 2 კი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.

ამ მატჩების შემდეგ გამოჩნდა, რომ კარგ ფორმაში მყოფი სოლომონ კვერკველია საქართველოს ნაკრების N1 ცენტრალური მცველია, თუმცა ახლა 29 წლის ქართველი ფეხბურთელი 3 თვეზე მეტია უკლუბოდაა.

ვინ უნდა იყოს პირველი ცენტრფორვარდი?

საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდების წინააღმდეგ ბუდუ ზივზივაძით შეუტია, კოსოვოსთან გიორგი ქვილითაიათი და ვაკო ყაზაიშვილით, თუმცა ესპანეთთან ნათამაშებმა 25-მა წუთმა აჩვენა, რომ ჯვაროსნებისთვის ამ მომენტში ბელგიური სერენის ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე საუკეთესო ცენტრფორვარდია. 

20 წლის ფორვარდმა შემოსვლისთანავე შეცვალა ნაკრების ხალისი და 2 კარგი მომენტიც შექმნა საკუთარი ოსტატობის ხარჯზე ესპანელთა წინააღმდეგ.

ეროვნული ლიგა არაა მზად დიდი მატჩებისთვის

სექტემბრის სანაკრებო მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების საბაზისო გუნდი ბათუმის დინამო იყო, საიდანაც განაცხადში 7 ფეხბურთელი იყო. მათგან ლაზარე კუპატაძის გარდა ყველამ ითამაშა: გრიგოლ ჩაბრაძემ, ირაკლი აზაროვმა, ვლადიმერ მამუჩაშვილმა, ჯაბა ჯიღაურმა სანდრო ალთუნაშვილმა და გიორგი ზარიამ.

ირაკლი აზაროვის და სანდრო ალთუნაშვილის გარდა, ჩამოთვლილი ფეხბურთელები ნამდვილად ვერ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. საინტერესოა, რომ გიორგი ზარიამ ბოლოს სათამაშო პრაქტიკა 29 ივლისს, ბატეს წინააღმდეგ. მას შემდეგ ზარიას კორონავირუსი ჰქონდა, დაბრუნდა და ესპანეთის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში დააყენეს.

საქართველოს ნაკრების მომდევნო მატჩი 8 სექტემბერს, ბულგარეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩის სტატუსით იქნება.