კვარაცხელია Golden Boy-ს ჯილდოსთვის ბრძოლას გამოეთიშა
ყაზანის "რუბინის" შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია Tuttosport-ის მიერ დაწესებულ Golden Boy-ს ჯილდოსთვის ბრძოლას გამოეთიშა. შეგახსენებთ, თავდაპირველად ნომინანტებს შორის იყო 105 ახალგაზრდა მოთამაშე, შემდეგ ჩამონათვალი შემცირდა 80-მდე, შემდეგ 60-მდე და ახლა წარმოდგენილია 40 ფეხბურთელი.
ქართველი ვინგერი ფიგურირებდა 60 საუკეთესო მოთამაშეს შორის, თუმცა ტოპ 40-ში გადასვლა მან ვერ შეძლო. მიზეზი - ხმების არასაკმარისი რაოდენობა მომხმარებლების მხრიდან.
ბრძოლას აგრძელებენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან პედრი გონსალესი, ედუარდო კამავინგა, მეისონ გრინვუდი, ჯამალ მუსიალა, ბუკაიო საკა და სხვები.
აქვე დავამატებთ, რომ ლიდერი ამ დროისთვის არის კიევის "დინამოს" ცენტრალური მცველი, ილია ზაბარნი. უკრაინელ უკანახაზელს მოსდევს სწორედ პედრი, 3-ეულს კი მოჰამედ იჰატარენი ხურავს.
რაც შეეხება "რუბინის" გარემარბს, ტრავმის მოშუშების შემდეგ მან რუსეთის პრემიერ ლიგაში საგოლე გადაცემის განხორციელება მოასწრო. ყაზანელებმა ეკატერინბურგის "ურალი" დაამარცხეს.