"ვამაყობდი ისე, როგორც არასდროს", - ბუფონმა იუვენტუსში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი გაიხსენა
"პარმას" მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა ტურინის "იუვენტუსში" გატარებული შთამბეჭდავი კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი გაიხსენა. შეგახსენებთ, იტალიელი "ბებერ ქალბატონში" 2001-2018; 2019-2021 წლებში თამაშობდა.
"ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იუვენტუსში? 0:3 რეალთან, მადრიდში. ყველაფერი კარგად მახსოვს - პირველ შეხვედრაში განცდილმა განადგურებამ არ გაგვტეხა და საპასუხო მატჩში ნამდვილ ომში გავედით.
ის, რაც მოხდა "სამეფო კლუბთან" არის საბრძოლო სულისკვეთების მაგალითი. ვამაყობდი იუვენტუსით, ისე როგორც არასდროს. სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო, საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა".
ჯიჯი გულისხმობს 2017/2018 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებას "ბლანკოსსა" და "ბიანკონერის" შორის. პირველი მატჩი გაიმართა "იუვეს" სტადიონზე, მოგებული კი გამოვიდა ზინედინ ზიდანის გუნდი, 0:3.
განმეორებით შეხვედრაში კი ტურინელებმა მოახდინეს წარმოუდგენელი ქამბექი, თამაშის ბოლოს ტაბლოზე ციმციმებდა აგრეთვე 0:3, თუმცა შემდეგ, იტალიელების კარში დაინიშნა 11-მეტრიანი, რომელიც ზუსტად კრიშტიანუ რონალდუმ შეასრულა.