ქინქლაძე, სტერლინგი, მილნერი და სხვები - სიტის ფანები კლუბის ისტორიაში საუკეთესო 7-იანს ირჩევენ
Mirror-მა გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო სტატია "მანჩესტერ სიტის" შვიდიანების შესახებ. ნილ იანგთან, ჯეიმს მილნერთან, რაჰიმ სტერლინგთან და სხვებთან ერთად, გიორგი ქინქლაძეც არის წარმოდგენილი.
ინგლისური გამოცემა ქართველ შემტევ ნახევარმცველს იხსენებს ასე - "მან სიტი 90-იანებში ნამდვილად არ ყოფილა აღმავლობის გზაზე, თუმცა გუნდში თამაშობდა ქინქლაძე, რომელიც შეუდარებელი ტექნიკის დამსახურებით, ფანებისთვის საკულტო ფიგურად იქცა".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფლეიმეიქერი "ქალაქელებში" თამაშობდა 1995-1998 წლებში და ამ დროის განმავლობაში მან 106 მატჩში 20 გოლი გაიტანა.
"ლურჯების" პრემიერ ლიგიდან გავარდნის მიუხედავად, მათი შვიდიანი არსად წასულა, იმის გათვალისწინებით, რომ მსურველების ნაკლებობას ის არასდროს განიცდიდა.
ქინქლაძის სახელს სხვადასხვა დროს უკავშირებდნენ "ბარსელონას", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს". 1998 წელს, "მეინ როუდის" დატოვების შემდეგ, ქართველმა ამსტერდამის "აიაქსს" მიაშურა.
ცნობისთვის, იგივე Mirror-ზე მიმდინარეობს გამოკითხვა "მან სიტის" ყველა დროის საუკეთესო შვიდიანის გამოსავლენად. კანდიდატებს შორის გიორგიც ფიგურირებს.