ავტორიზაცია

დღეს, ხვიჩას პირველი რთული გამოცდა - დაუმარცხებელი ზენიტი და გარემოება, რომელიც მას უპირატესობას აძლევს

დღეს, ხვიჩას პირველი რთული გამოცდა - დაუმარცხებელი ზენიტი და გარემოება, რომელიც მას უპირატესობას აძლევს
თარიღი 20 სექ 2021, 10:29

დღეს, ჩვენი დროით 19:30 საათზე, რუსეთის პრემიერ ლიგის მერვე ტურის ფარგლებში ჩემპიონატის ლიდერი სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი" ყაზანის "რუბინს" ესტუმრება.

ეჭვგარეშეა, რომ "წითელ-მწვანეების" ძირითად შემადგენლობაში იქნება ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ტრავმის მოშუშება უკვე მოასწრო. ქართველმა შემტევმა ეკატერინბურგის "ურალთან" მატჩში ასისტიც მიითვალა.

"ლურჯ-თეთრები" მოიაზრებიან ფავორიტებად და უნდა ითქვას, რომ დამსახურებულადაც, რადგან ეს გუნდი ჯერ კიდევ დაუმარცხებელია, თუმცა ლეონიდ სლუცკის გუნდის ახალგაზრდა ვინგერს ექნება ერთი უპირატესობა.

საქმე ისაა, რომ სერგეი სემაკის კოლექტივი დაცვის მარჯვენა ფლანგზე განიცდის საკადრო პრობლემებს, იმ დონემდე, რომ ლონდონის "ჩელსისთან" შეხვედრაში ამ პოზიციაზე იდგა გარემარბი, ალექსეი სუტორმინი.

რუსი ფლანგელი დაცვითი ფუნქციებით არ გამოირჩევა, რითაც წესით 20-წლის შემტევმა უნდა ისარგებლოს კიდეც. იგივე აზრზე არის kazanfirst.ru, რომელმაც აღნიშნა, რომ "ზენიტის" ვინგერი "რუბინის" 21-ე ნომერთან უშანსოდ იქნება.

აქვე დავამატებთ, რომ სხვაობა სანქტ-პეტერბურგელებსა და ყაზანელებს შორის ამ დროისთვის სამი ქულაა - 17:14. რაც შეეხება კვარაცხელიას, მან წელს 7 მატჩში მოასწრო ერთი გოლის და ერთი ასისტის შესრულება.