როგორია ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობა ზენიტთან მიღებული დაზიანების შემდეგ?
რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში ყაზანის რუბინი ქვეყნის ჩემპიონ ზენიტთან უშანსოდ, 1-3 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ მსაჯებით გაბრაზებულმა ლეონიდ სლუცკიმ თქვა, რომ ზენიტთან შეხვედრის დასრულებისთანავე ხვიჩა კვარაცხელია ყინულების აბაზანაში ჩააწვინეს.
"თუ დავიწყებ იმ შეცდომების ჩამოთვლას, რომელიც მსაჯმა დაუშვა, ხელზე თითები არ მეყოფა. მთელ მსოფლიოში მსაჯები ჩემპიონატის ტექნიკურ ფეხბურთელებს შესაძლო ტრავმებისგან იცავენ. რა გააკეთა ივანოვმა? უყურებდა, როგორ აბიჯებდნენ ზენიტის ფეხბურთელები ფეხზე გამიზნულად კვარაცხელიას და თვალებს ხუჭავდა. ახლა კვარაცხელია ყინულებში ზის, სისხლჩაქცევები და შესაბამისად, რამდენიმე ადგილას ჰემატომა აქვს," - ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა.
GOAL.GE 20 წლის ნახევარმცველს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად ყაზანში დაუკავშირდა და ჩვენი ინფორმაციით, ახლა ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ მატჩის დასრულების შემდეგ კვარაცხელიას ზენიტის მცველების უხეშობის გამო ფეხებზე ძალიან ბევრი სისხლჩაქცევა ჰქონდა. საგანგაშო არაფერია, ქართველი შემტევი ჩვეულებრივად გააგრძელებს ვარჯიშს და 26 სექტემბერს მოსკოვის დინამოს წინააღმდეგ მიიღებს მონაწილეობას.
8 ტურის შემდეგ ყაზანის რუბინს სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიცია 14 ქულით უჭირავს.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში რუბინის მაისურით 8-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.