"მე და ვაჟა რეალთან მოგებაზე სერიოზულად ვფიქრობდით, ხალხს კი გიჟები ვეგონეთ", - შერიფის მწვრთნელი
ტირასპოლის "შერიფის" მთავარმა მწვრთნელმა, იური ვერნიდუბმა მადრიდის "რეალთან" გამარჯვება (1:2) შეაფასა. უკრაინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ის და ვაჟა თარხნიშვილი "სამეფო კლუბის" დამარცხებაზე სერიოზულად ფიქრობდნენ.
"რეალის დამარცხებით, სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგე. ვერ გეტყვით, რომ ამაზე ოცნებაც კი მიჭირდა, პირიქით, მე და თარხნიშვილი მადრიდში გამარჯვების მოპოვებაზე სერიოზულად ვფიქრობდით.
ცხადია, ასეთი საუბრების შემდეგ ხალხს ვეგონეთ გიჟები, თუმცა როგორც ვხედავთ, ფეხბურთში ყველაფერია მოსალოდნელი. ეს ჩვენი საერთო წარმატებაა", - განაცხადა მოლდოველთა დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ორი ტურის შემდეგ, "შავ-ყვითლები" ექვსი ქულით პირველ ადგილზე არიან. "ბლანკოსის" დამარცხებამდე, ვერნიდუბის გუნდმა დონეცკის "შახტარსაც" მოუგო, შემდეგი მეტოქე კი მილანის "ინტერია".
რაც შეეხება თარხნიშვილს, შეგახსენებთ, რომ ის "შერიფში" თამაშობდა 1999-2012 წლებში, კარიერის დასრულების შემდეგ კი ყოფილი ქართველი ცენტრალური მცველი კლუბის მენეჯმენტში ჩაერთო.