მასში მილიონებს ხედავენ - გენტში გიორგი ჩაკვეტაძის კვლავ მაგრად სჯერათ!
ბელგიურმა გამოცემა voetbalnieuws.be-მა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს ვრცელი სტატია მიუძღვნა და დაწერა, რომ გენტს ქართველი ფეხბურთელის კვლავ დიდი იმედი აქვს და მასში პოტენციურ მილიონებს ხედავენ.
ტალანტი საქართველოდან
2017 წლის აგვისტოში გენტმა უმაღლესი ხარისხის ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე დაიმატა. იმ პერიოდისთვის 17 წლის ახალგაზრდა დინამო თბილისიდან დაიმატეს და მაშინ, მასზე ლამის მთელი ევროპა ნადირობდა. გენტმა ამ ბრძოლაში ლევერკუზენს, ბაიერნს, მანჩესტერ იუნაიტედს, ტოტენჰემს და ბორნმუთს აჯობა. მანჩესტერ იუნაიტედი ქართველში 5 მილიონსაც იხდიდა, თუმცა ბუფალოელებს უკვე შეთანხმება მიღწეული ჰქონდათ დინამოს თბილისთან.
გიორგი ჩაკვეტაძის პირველი თვეები საკმაოდ მძიმე იყო ბელგიაში, ქართველმა ინგლისური საერთოდ არ იცოდა, რის გამოც თანაგუნდელებთან საერთოდ არ შედიოდა კომუნიკაციაში და დისტანცია ეკავა. მეტიც, ჩაკვეტაძეს მუცლის კუნთის ტრავმა დაემართა, რის გამოც იმ პერიოდში ჰეინ ვანჰაზებრუკის ხელმძღვანელობით თითქმის არც უთამაშია. მას შემდეგ, რაც გენტში ივან ვანდერჰაეგე დაინიშნა, ქართველ შემტევს სათამაშო დრო გაეზარდა და გუნდის სტაბილური წევრი გახდა.
"ბევრი ფეხბურთელი გამოჩნდა გუნდში, რომელიც ვანჰაზებრუკთან არ თამაშობდა. გიორგი ჩაკვეტაძე ერთ-ერთი მათგანია," - თქვა გენტის იმდროინდელმა ნახევარმცველმა ბირგერ ვერსტრაეტემ.
გენტის ახალი მწვრთნელი ივ ვანდერჰაეგე კი სიტყვით გამოვიდა 18 წლის ქართველის შესახებ: "ჩვენ მისგან მშვენიერ სანახაობას ვნახავთ. მართალია, ხშირად ავიწყდება დაცვასაც რომ უნდა დაეხმაროს, თუმცა მისი ნიჭი უდავოა."
გიორგი ჩაკვეტაძემ მალევე მოიპოვა მისი თამაშის სტილის გამო გენტის გულშემატკივრის სიმპატია და "ბუფალოელთა" ქომაგმა ზედმეტსახელად "CHAK" შეარქვა.
გუნდის შენება CHAK-ის გარშემო
გენტის ქომაგის გარდა, გარე სამყაროც აღფრთოვანებული იყო გიორგი ჩაკვეტაძის ტექნიკური უნარებით. ბურთთან საოცარი ურთიერთობის გამო, მან არამარტო გენტის, ნეიტრალური გულშემატკივრის სიყვარულიც მოიპოვა. ძალიან მალე, მას მიენიჭა წოდება: ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე ბელგიურ მოედნებზე. მისი შთამბეჭდავი სპექტაკლები არ დარჩენილა შეუმჩნეველი.
უცხოურ გუნდებს ბევრი არ უფიქრიათ. ტოტენჰემი მალევე დაინტერესდა ხელახლა გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით, მაგრამ გენტი ლონდონელთა წინადადებამ არ მოხიბლა. სინამდვილეში, მიშელ ლუვაგიმ შეიმუშავა გუნდის განვითარების გეგმა და ამ პროცესში ნამდვილად არ შედიოდა ნიჭიერი მოთამაშეების ნაადრევად გაშვების პროცესი. ჩაკვეტაძე პროგრესის გზაზე იყო, შესაბამისად, მისი სატრანსფერო ფასიც აღმავლობას განიცდიდა.
მიშელ ლუვაგიმ გიორგი ჩაკვეტაძე დინამო თბილისიდან 800,000 ევროს სანაცვლოდ წამოიყვანა და მასში ბევრად ათეულობით მეტ მილიონს ხედავდა. "გიორგი ჩაკვეტაძის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო რომ მივიღოთ, ამ ეტაპზე მაინც არ გავუშვებთ. ჩვენი მიზანია, ის გენტში 1-2 სეზონი დარჩეს და ამის შემდეგ გავუშვათ ევროპაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მიზანია გუნდი აეწყოს მის გარშემო, გიორგი ჩვენი მომავალი 10-იანია," - ეს სიტყვები მიშელ ლუვაგიმ 2018 წლის შემოდგომაზე თქვა, როცა გიორგი ჩაკვეტაძე კლუბის გარდა, ეროვნულ ნაკრებში მისი თანამემამულეებისთვის შოუს დგამდა.
როცა ვითარება და გეგმები იცვლება
2019 წლიდან გიორგი ჩაკვეტაძის ვარსკვლავმა ჩაქრობა დაიწყო. შედეგად, მისი ევროპაში წასვლის შესახებ საუბრები ნელ-ნელა შემცირდა, როგორც მისი პროგრესის ეტაპები. მისი სათამაშო დრო 2019 წელს იმდენად მცირე იყო, როგორც ეს 2017 წელს ტრანსფერიდან საწყის რამდენიმე თვეში.
2017-18 წლების სადებიუტო სეზონიდან მოყოლებული, გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატში 591, 1932, 306 და 178 წუთი მოაგროვა, პაუზების ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ ქართველს მუხლის პრობლემები ჰქონდა, გუნდი და ფეხბურთელი დიდ რისკზე მიდიოდნენ, რაც ცუდად დასრულდა. გეგმას, რომელიც ეხებოდა გიორგი ჩაკვეტაძის გარშემო გუნდის აგებას, მტვერი დაედო.
კარიერის ახალი დასაწყისი 2021 წლიდან
ის თითქმის დავიწყებული იყო უკანასკნელ 2 სეზონში, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძე ბრუნდება. ყველა აღიარებს, რომ მისი სპორტული რეაბილიტაცია 2019 წლის დასაწყისში იყო მხოლოდ ცდა და შეცდომა, ოპერაცია დროულად უნდა გაკეთებულიყო. 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოედანზე სათამაშოდ გიორგი ჩაკვეტაძე 2021 წლის თებერვალში მუსკრონის წინააღმდეგ გავიდა და ჩივილები არ ყოფილა, რაც პლიუსი იყო, ჰეინ ვანჰაზებრუკმა კი იმედი გამოთქვა, რომ ქართველს იმ სეზონში კიდევ ბევრჯერ ნახავდნენ მოედანზე. მალე, "CHAK"-ი ხელახლა შებრუნდა ლაზარეთში, ამჯერად კვადრიცეპსის ტრავმით.
ხელოვნურ საფარზე აღარ!
მიმდინარე სეზონი ნამდვილად ნიშნავს გიორგი ჩაკვეტაძის ხელახლა დაბადებას! ჰეინ ვანჰაზებრუკს ნამდვილად სწორი მიდგომა აქვს ტრავმებისკენ მიდრეკილი ქართველი ნახევარმცველის მიმართ. ბელგიელმა სპეციალისტმა 22 წლის შემტევი ვალერენგასთან და სენტ-ტრუიდენთან მატჩებისთვის განაცხადში აღარ შეიყვანა. ეს ორივე გუნდი ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშობდა. ანუ იქ, სადაც დაიწყო უბედურება გიორგი ჩაკვეტაძისთვის.
კვლავ უმაღლესი ხარისხის ფეხები
აგვისტოში გიორგი ჩაკვეტაძემ დაბრუნება უმაღლეს დონეზე აღნიშნა. მეხელენთან 21 წუთი მიეცა სათამაშოდ, ამ მცირე დროშიც შემოგვთავაზა სანახაობა და საგოლე პასითაც გაატანინა ნურიო ფორტუნას ცარიელ კარში. ეს იყო მცირე სპექტაკლი, მაგრამ საკმარისი, რომ ხალხს მისი კლასი დაენახა. "მას ჯერ კიდევ კარგი ფეხები აქვს. კმაყოფილი ვარ გიორგი ჩაკვეტაძით, რომელსაც იდეალური თვისებები აქვს, გუნდს ბურთი შეუნარჩუნოს საჭირო მომენტში," - ეს სიტყვები თქვა მეხელენთან მატჩის შემდეგ ჰეინ ვანჰაზებრუკმა.
ძველი ჩაკვეტაძის დაბრუნება?
დაბრუნებიდან დიდი ხანი არ გასულა, რაც ჰეინ ვანჰაზებრუკმა გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებით დააჯილდოვა. ეს იყო გასულ კვირას ანდერლეხტის(1-1) წინააღმდეგ და უიქენდზე სერკლ ბრიუგესთან(2-1) მატჩში.
"მხოლოდ გიორგიმ მიაღწია დონეს. მას საუკეთესო ფეხები აქვს ჩემს გუნდში, შეუძლია მატჩი ისე ჩაამთავროს, ბურთი არ დაკარგოს. ჩაკვეტაძე კიდევ უფრო გაძლიერდება ფიზიკურად და მიეცემა პროგრესის საშუალება," - ეს სიტყვები გენტის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა სერკლ ბრიუგესთან მატჩის შემდეგ თქვა.
გიორგი ჩაკვეტაძე დღეს ბელგიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის აღდგენის გზაზეა. კლუბის ხელმძღვანელობაც იმედითაა განწყობილი, რომ ის მის სატრანსფერო ღირებულებას, რომელიც 9 მილიონ ევროს შეადგენდა, დაიბრუნებს. ან უფრო მეტიც კი… ხუთშაბათს ფეხბურთელი ანორთოსისთან არ ათამაშეს მცირე ტკივილის გამო, მაგრამ კვირას გასამართი მატჩისთვის ის მზად იქნება.