აზაროვი მაგრად გაძვირდა, TOP 3 ბათუმიდანაა - ეროვნული ლიგის ფასები განახლდა
საფეხბურთო სტატისტიკურმა სააგენტო Transfermarkt-მა ეროვნული ლიგის ფეხბურთელების ფასები განაახლა.
ყველაზე მეტად ბათუმის დინამოს მარცხენა მცველის, ირაკლი აზაროვის ფასმა მოიმატა, რომელიც 250,000 ევროს შემდეგ 400,000-ით გაიზარდა და 650,000 ევრო გახდა.
პირველ პოზიციას ბათუმის დინამოს ფორვარდი ფლამარიონ ჯოვინო ინარჩუნებს 700,000 ევროთი, თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთის ჩემპიონატში მიღწეული 900,000-იანი ნიშნულის შემდეგ მისი ფასი საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ 200,000 ევროთი შემცირდა.
სექტემბრის თვეში შესანიშნავ ფორმაშია 5 მატჩში გატანილი 5 გოლით ჯაბა ჯიღაური ბათუმის დინამოდან, რომლის ფასიც 100,000 ევროთი გაიზარდა და 500,000 ევროთი იგი ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სამეულშია.
მე-4 ადგილზე თბილისის დინამოს ფორვარდი და ეროვნული ლიგის 13-გოლიანი ბომბარდირი ზორან მარუშიჩია 450,000 ევროთი. სერბის ღირებულებაც 100,000 ევროთი გაიზარდა.
25,000 ევროთი შემცირდა, თუმცა ტოპ 5-შია თბილისის ლოკომოტივის ნახევარმცველი თორნიკე კირკიტაძე 450,000 ევროთი.
ჯამურად, ეროვნული ლიგის 10-ვე გუნდის ფეხბურთელების ღირებულება 36,75 მილიონი ევროა. საშუალოდ, თითოუელის ფასი შემცირდა და 150,000 ევრომდეა.