"გაფუჭებული პენალტის შემდეგ, ცხვირი ჩამოუშვა და თამაში შეწყვიტა" - რუბინის მეკარე კვარაცხელიაზე
რუსეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში ყაზანის რუბინმა ნიჟნი ნოვგოროდს უმასპინძლა და 0-1 დამარცხდა.
აღნიშნულ მატჩში გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას. 51-ე წუთზე თავისივე მოპოვებული პენალტი გააფუჭა. ანგარიში ამ დროს 0-0 იყო, მალევე ნიჟნი ნოვგოროდმა გაიტანა და ყაზანის რუბინმა წააგო.
მატჩის დასრულების შემდეგ ყაზანის რუბინის მეკარე იური დიუპინმა ქართველი ნახევარმცველის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ხვიჩას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
"ხვიჩა მთელი მატჩი არეულად თამაშობდა, პენალტის გაფუჭების შემდეგ კი ცხვირი ჩამოუშვა და თამაში შეწყვიტა. ვფიქრობ, მასთან ფსიქოლოგიური სახის საუბრებია საჭირო. ეს ფეხბურთია და ასეთი მომენტები ამ სპორტს თან ახლავს.
პენალტის გაფუჭების შემდეგ წინ კიდევ 40 წუთი იყო და იმის მაგივრად, რომ უფრო დიდი მოტივაციით გაეგრძელებინა თამაში, საერთოდ გაჩერდა," - განაცხადა დიუპინმა.
10 ტურის შემდეგ ყაზანის რუბინი სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-8 პოზიციაზეა, ხოლო კვარაცხელიას აქტივში რუბინის მაისურით 10 მატჩი, 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.