ავტორიზაცია

"ქართველებთან პრობლემა არ მაქვს" - ქეცბაიამ ანორთოსისით აპოელს მოუგო

"ქართველებთან პრობლემა არ მაქვს" - ქეცბაიამ ანორთოსისით აპოელს მოუგო
თარიღი 04 Oct 2021, 11:53

კვიპროსის ჩემპიონატის მე-5 ტურში ანორთოსისმა ცენტრალურ მატჩში აპოელი მიიღო და 2-1 დაამარცხა.

სხვათაშორის, სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, თუმცა ყოფილი კლუბის კარში გატანილი ბურთი არ აღნიშნა.

მატჩის დასრულების შემდეგ ანორთოსისის მთავარმა მწვრთნელმა მოგებაზე კომენტარი გააკეთა.

"ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რადგანაც რთული კვირა გვქონდა. ჩემს გუნდს გამარჯვება უფრო მეტად სურდა. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ჩვენს გვერდით იდგნენ. დღეს ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ კვირაში ორი მატჩის ჩატარების პრობლემა არ გვაქვს. წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ სამუშაო ბევრია. ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს და მოვიგეთ, ჩვენი მთავარი მიზანი კი ჩემპიონობაა. აპოელ-ის ქართველი ფეხბურთელები? მათთან პრობლემა არ მაქვს, არანაირი პრეტენზია. დღეს ვისაუბრეთ და სხვა დღეებშიც ვსაუბრობთ. ჩვენ ვერ დავაკმაყოფილეთ მათი მოთხოვნები და ისინი აპოელ-ში წავიდნენ. ფეხბურთი ასეთია და წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

ანორთოსისის შემადგენლობაში დღევანდელ მატჩში მხოლოდ გიორგი ლორიამ ითამაშა, ნიკა კაჭარავა და ნიკა ნინუა სათადარიგოთა შორის იყვნენ, ხოლო აპოელში გიორგი ქვილითაიამ გოლიც გაიტანა, მურთაზ დაუშვილი მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილს დისკვალიფიკაცია ჰქონდა.

ამ მატჩის შემდეგ ანორთოსისს 6 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზეა, ხოლო ნიქოზიის აპოელი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. დედაქალაქელებს 5 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვთ და გასავარდნ ზონაში იმყოფებიან.