ავტორიზაცია

მეტოქის დამწუხრება, როგორც ცხოვრების წესი - რამდენი გოლი გაიტანა ლეგენდარულმა გერდ მიულერმა თავის კარიერაში?

მეტოქის დამწუხრება, როგორც ცხოვრების წესი - რამდენი გოლი გაიტანა ლეგენდარულმა გერდ მიულერმა თავის კარიერაში?
თარიღი: 15 ოქტ 2021, 22:44

გერდ მიულერი - ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. გერმანელმა ფორვარდმა დატოვა უამრავი რეკორდი და შთამბეჭდავი შედეგი, რომლის შესახებაც დღეს ვისაუბრებთ.

"ნერდლინგენში" ჩატარებული საოცარი სეზონის შემდეგ (31 შეხვედრა, 51 გოლი), ის გადადის მიუნხენის "ბაიერნში", სადაც კარიერის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ატარებს.

"რეკორდმაისტერის" შემტევის ანგარიშზე ფიქსირდება 603 შეხვედრა, 563 გოლი და უამრავი ტიტული. უფრო კონკრეტულად - 4 ბუნდესლიგის ჩემპიონობა, 3 ჩემპიონთა თასი, თასების თასი, ოქროს ბურთი, ორი ოქროს ბუცი და ბევრი სხვა გუნდური თუ ინდივიდუალური ჯილდო.

"ბავარიას" ცხრიანმა მხოლოდ ბუნდესლიგაში გაიტანა 365 გოლი, რაც დღემდე რეკორდია. ცნობისთვის, რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზე ამ დროისთვის 277 ბურთია.

სხვა - 32 ჰეტ-ტრიკი ბუნდესლიგაში და საუკეთესო ბომბარდირის წოდება შვიდჯერ, აგრეთვე რეკორდი. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ალემანმა მოიგო როგორც მუნდიალი (1974), ისე ევროპის ჩემპიონატიც (1972).

ამასთან ერთად, ეს ყველაფერი მიულერის საუკეთესო გოლეადორის ტიტულის მიღების გარეშე ვერ ჩაივლიდა. გერმანელმა სტრაიკერმა ეროვნულ გუნდში ითამაშა სულ რაღაც 8 წელი, თუმცა ამ დროის მანძილზე მან 62 მატჩში მოასწრო 68 ბურთის შეგდება.

გერდის რეკორდის დამხობა მოახერხა მხოლოდ მიროსლავ კლოზემ, თუმცა მას საამისოდ დასჭირდა 13 წელი და 137 შეხვედრა. ახლა წარმოიდგინეთ, კიდევ რამდენ ბურთს გაიტანდა "ბაიერნის" თავდამსხმელი ნაკრებში დროის ამ შუალედში.

მიუნხენელთა ცხრიანი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირადაც (14 გოლი), იმ დრომდე, სანამ მე-15 ბურთი გაიტანა არანაკლებ ლეგენდარულმა ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდომ და შემდეგ ისევ კლოზემ.

ალემანი გოლეადორი პირველია "რეკორდმაისტერში" (563 გოლი), მისი პოლონელი მემკვიდრე კი ამ დროისთვის 295 ბურთით მეორე ადგილზე არის. ასეთია მიულერის მემკვიდრეობა.