ავტორიზაცია

დღეს, ფინალის ტოლფასი საჩემპიონო დუელი ელიგაში - დინამო ბათუმი V დინამო თბილისი

დღეს, ფინალის ტოლფასი საჩემპიონო დუელი ელიგაში - დინამო ბათუმი V დინამო თბილისი
თარიღი 20 ოქტ 2021, 10:24

დღეს, 20 ოქტომბერს, ჩვენი დროით 18:30 საათზე გაიმართება საქართველოს ეროვნული ლიგის ტურის და შეიძლება ითქვას, რომ მთელი ჩემპიონატის მთავარი ცენტრალური დაპირისპირება: ლიდერი ბათუმის "დინამო" მეორეასდგილოსან და მოქმედ ჩემპიონ თბილისის "დინამოს" მიიღებს. განვიხილოთ ორივე გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ.

დინამო ბათუმი

საოცარ ფორმაში მყოფი "დინამო", რომელმაც უკანასკნელი ხუთი შეხვედრიდან მოიგო ოთხი და ერთი ფრე ითამაშა. ბათუმელებმა არ დაინდეს "თელავი", წყალტუბოს "სამგურალი", ქუთაისის "ტორპედო" და ქობულეთის "შუქურა". ფრე კი გორის "დილასთან" გასვლით მატჩში დაფიქსირდა.

აჭარულ გუნდს აქვს 63 ქულა, 18 მოგება, 9 ფრე და 2 წაგება. რაც შეეხება ბურთების შეფარდებას, 61:23. როგორც ვხედავთ, ზღვისპირელები არიან შესანიშნავ ფორმაში და პირველი ადგილიც დამსახურებულია. ობიექტურად, გია გეგუჩაძის გუნდი დედაქალაქელებთან დაპირისპირებაშიც ფავორიტია.

დინამო თბილისი

"დინამომ" უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში მოიპოვა სამი გამარჯვება და ითამაშა ორი ფრე. თბილისელებმა გადალახეს ქობულეთის "შუქურას", "სამტრედიასა" და ქუთაისის "ტორპედოს" ბარიერი. ზედიზედ ორი ფრე კი მეზობელ "ლოკომოტივსა" და წყალტუბოს "სამგურალთან" იქნა ნათამაშები.

დედაქალაქელებს აქვთ 56 ქულა და როგორც ვხედავთ, "დინამო ბათუმთან" ჩამორჩენა შვიდ ქულას შეადგენს. მარცხის შემთხვევაში, "ლურჯ-თეთრებისთვის" საჩემპიონო ბრძოლა პრაქტიკულად დასრულებული იქნება. საეჭვოა, რომ აჭარლებმა დარჩენილ 7 ტურში შემდეგ 10-ქულიანი ფორა გაანიავონ.

ურთიერთშეხვედრების ისტორია

"დინამოები" საერთო ჯამში ერთმანეთს 19-ჯერ შეხვდნენ. 10 მოგება არის თბილისელების ანგარიშზე, 6 - ბათუმელების, 3 დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა. აღნიშნული დუელის საუკეთესო ბომბარდირი არის ბექა მიქელთაძე, რომელმაც აჭარლებს სხვადასხვა დროს 5 გოლი გაუტანა. ბურთების შეფარდებაც არის დედაქალაქელების მხარეს, 32:18.

სავარაუდო შემადგენლობა

დინამო ბათუმი - კუპატაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ჩაბრაძე, ტეიდი, ალთუნაშვილი, ჯიღაური, მამუჩაშვილი, ჯოვინო, ფანცულაია

დინამო თბილისი - პრიეტო, კობოური, ხვადაგიანი, ბენიო, სპორკსლედე, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, ხარაბაძე, მარუშიჩი, კუცია, ბარნსი