ისკოს სურს ბარსელონაში გადასვლა - ესპანური პრესა

მადრიდის "რეალის" შემტევი ნახევარმცველი, ისკო ალარკონი გუნდში არსებული თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა. ესპანელ ფლეიმეიქერს "სამეფო კლუბის" დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.
"ბლანკოსის" გამთამაშებლის სახელს უკავშირებენ "მილანს", "არსენალსა" და "ტოტენჰემს", El Nacional-ის ინფორმაციით კი თავად ფეხბურთელს სულ სხვა ფიქრები აქვს.
29-წლის ჰავბეკს სურს "ბარსელონაში" გადასვლა და უნდა ითქვას, აღნიშნული ცნობა კიდევ რამდენიმე ესპანურმა წყარომაც გაავრცელა. კატალონიელთა პასუხი უცნობია.
უკვე რამდენიმე სეზონია, რაც "რეალის" 22-ე ნომერი სათადარიგოთა სკამზე ზის, მდგომარეობა არც კარლო ანჩელოტის დაბრუნებით გამოსწორდა. ისკოს მონაგარი წელს 6 მატჩში ერთი გოლია.