მესი პსჟ-ს ერთ-ერთ ფეხბურთელს დაუპირისპირდა - განხეთქილება პარიზული კლუბის გასახდელში
El Nacional-ის მტკიცებით, "პარი სენ-ჟერმენის" გასახდელში განხეთქილებაა. ყურადღების ეპიცენტრში არის ლიონელ მესი, რომელმაც მაურო იკარდი აითვალწუნა (ნაცნობი სიტუაცია).
არგენტინელ თავდამსხმელებს არასდროს ჰქონიათ კარგი ურთიერთობა და "ბარსელონას" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის გამო, მილანის "ინტერის" ექს-კაპიტანს არც ეროვნულ ნაკრებში ეძახდნენ.
დიახ, "პსჟ"-ს ცხრიანმა გამოტოვა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მაშინ, როდესაც "ნერაძურის" შემადგენლობაში ის სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირიც ხდებოდა.
როგორც ვხედავთ, 34-წლის შემტევი თავის 28-წლის თანამემამულეს პარიზშიც ავიწროებს. აქედან გამომდინარე, ცოტა ხნის წინ გაჟღერებული ბარტერი სერხიო აგუეროსა და იკარდის მონაწილეობით მართლაც რეალური ჩანს.
შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-წითლების" 30-ე ნომერმა თანამემამულე სტრაიკერი აითვალწუნა მას შემდეგ, რაც დაინგრა მისი მეგობრის, მაქსი ლოპესის ოჯახი. არგენტინელი ექს-წინახაზელის ყოფილი ცოლი, ვანდა ნარა სწორედ მაუროსთან წავიდა.