ავტორიზაცია

"ჩემი პენისი პირში ჩაიდო", - ევრამ განაცხადა, რომ 13 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა

"ჩემი პენისი პირში ჩაიდო", - ევრამ განაცხადა, რომ 13 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა
თარიღი 23 ოქტ 2021, 03:00

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, პატრის ევრამ განაცხადა, რომ 13 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ამის შესახებ 40 წლის ფრანგმა The Times-ს ავტობიოგრაფიული წიგნის გამოშვების წინ უთხრა. გაზეთში გამოქვეყნებული წიგნის ერთ-ერთ ნაწყვეტში ევრა მასზე გახორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ დეტალურად საუბრობს. ეს მაშინ მოხდა, როცა კვირაში სამი ღამე მასწავლებლის სახლში რჩებოდა.

ექს-ფეხბურთელმა დეტალურად აღწერა, როგორ ცდილობდა მასწავლებელი მასთან შეხებას, როცა ეგონა, რომ ბიჭს ეძინა და როგორ "მოიშორა მასწავლებელი მუშტის დარტყმით". ფრანგის თქმით, მასწავლებელი "სექსუალურად აღგზნებული იყო" და "საკუთარ თავს შეეხო", როცა მისთვის ტანსაცმლის გახდას ცდილობდა.

ევრას თქმით, მას ძალიან რცხვენოდა ამ ამბის დედისთვის მოყოლის. ამავდროულად, მასწავლებელი ცდილობდა მასზე "ეზრუნა", აძლევდა საშუალებას ეთამაშა Nintendo-ზე, ეხმარებოდა საშინაო დავალების შესრულებაში და გემრიელ კერძებს უმზადებდა.

საბოლოოდ, ევრამ დაარწმუნა დედამისი იმაში, რომ მასწავლებლის სახლში არ გაეშვა. თუმცა, ბოლო ღამეს, პატრისის თქმით, მასწავლებელმა მოზარდის პენისი პირში ჩაიდო.

ევრამ დასძინა - საფეხბურთო კარიერის დასაწყისში მას პოლიცია დაუკავშირდა, რადგან ამ მასწავლებლის წინააღმდეგ საჩივრები შედიოდა. როგორც იმ მომენტში პატრისმა სამართალდამცავებს უთხრა, მასწავლებელს მასთან არაფერი გაუკეთებია.

ფრანგმა მთელი ამ სიტუაციის შესახებ დედამისს ამ თვის ბოლოს უამბო.

"ჩემთვის რთული მომენტი იყო. მომხდარის შესახებ ჯერ კიდევ ძმებისთვის, დებისთვის და ახლო მეგობრებისთვის მაქვს მოსაყოლი. არ მინდა, რომ ადამიანებმა ჩემზე სინანული იგრძნონ. რთული ვითარებაა. დედა თავისი შვილისგან მსგავსის მოსმენას არ ელის".

"ეს მისთვის დიდი შოკი გახლდათ. ძალიან განრისხდა. თქვა, რომ ნანობს. დედაჩემმა მითხრა: "წიგნში ამის შესახებ არ უნდა მოყვე, ეს პირადულია". მაგრამ ვუპასუხე: "დედა, ეს ჩემზე არ არის, ეს სხვა ბავშვებისთვისაა". მითხრა, რომ ესმის", - თქვა ევრამ.

გარდა ამისა, ვეტერანმა ფეხბურთელმა ისიც განაცხადა, რომ ძალადობაში ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ სერიოზულად ჯერ კიდევ არ უფიქრია, მაგრამ დედამისმა დამნაშავის საწინააღმდეგოდ სასამართლოში სარჩელის შეტანა შესთავაზა.