ავტორიზაცია

წითელი ბარათების ცვენა იტალიაში — სერია ა-ს გუშინდელ მატჩებში მოედნიდან 4 სახელოვანი მწვრთნელი გააძევეს!

წითელი ბარათების ცვენა იტალიაში — სერია ა-ს გუშინდელ მატჩებში მოედნიდან 4 სახელოვანი მწვრთნელი გააძევეს!
თარიღი 25 ოქტ 2021, 08:57

სერია ა-ს გუშინდელ შეხვედრებში მოედნიდან ოთხი იტალიური კლუბის მთავარი მწვრთნელი გააძევეს.

ასე და ამგვარად, "ნაპოლი" - "რომას" (0:0) მატჩში სტუმართა დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიომ არბიტრ დავიდე მასას მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ზედმეტად გაკრიტიკების გამო ორი ყვითელი ბარათი მიიღო. ნეაპოლელთა თავკაცმა, ლუჩანო სპალეტიმ დაპირისპირების მიწურულს მასა თამაშზე კონტროლისთვის აპლოდისმენტებით შეამკო, თუმცა მსაჯმა ეს სარკაზმის და მისი გადაწყვეტილებებისადმი უკმაყოფილების გამოვლინებად ჩათვალა, ამიტომაც სპალეტის პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

"ინტერი" - "იუვენტუსის" (1:1) მატჩში მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ არბიტრ მაურიციო მარიანის დაუყვირა და გაძევებაც დაიმსახურა. რეფერიმ შეხვედრის მიწურულს ტურინელთა სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, რომელიც გოლად პაულო დიბალამ აქცია და "ბებერ ქალბატონს" ქულა გადაურჩინა.

"ატალანტა" - "უდინეზეს" (1:1) დაპირისპირებაში მასპინძელთა დამრიგებელი, ჯან პიერო გასპერინი გააგდეს მინდვრიდან. მთავარმა არბიტრმა, ლივიო მარინელიმ მას წითელი ბარათი 91-ე წუთზე უჩვენა, 94-ე წუთზე კი "უდინეზემ" წონასწორობა აღადგინა.

თავად გასპერინი ვერ მიხვდა, თუ რატომ გააძევეს: "არავისზე არ გავბრაზებულვარ და წარმოდგენაც კი არ მაქვს, რატომ გამაგდეს. რეფერი ჩემთან მოვიდა, მე არაფერი მითქვამს, შემდეგ კი წითელი მიჩვენა. გვერდითა ხაზე არავის არაფერზე დაუჩივლია", - თქვა სპეციალისტმა.