"მეც იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდი", - გარდა კუმანისა, ბარსას ფანები პუიოლის ავტომობილსაც დაესხნენ თავს
"ბარსელონას" ლეგენდარულმა კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ ლა ლიგის მე-10 ტურში "რეალთან" (1:2) მარცხის შემდეგ კლუბის გულშემატკივრები მის ავტომობილს თავს დაესხნენ.
აღსანიშნავია, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თაყვანისმცემლები ასე მოექცნენ გუნდის მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანსაც.
"ეს ადამიანები "ბარსელონას" ნამდვილი გულშემატკივრები არ არიან. იქამდე რამდენიმე წუთით ადრე წამოვედი, სანამ ფანები კუმანის მანქანას დაესხმოდნენ თავს, მაგრამ მეც იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდი".
"არ ვიცი, შეურაცხყოფას მაყენებდნენ თუ არა, რადიოს ვუსმენდი. კარგად მესმის, რა გადაიტანეს კუმანმა და მისმა მეუღლემ, ეს სახიფათოა. კლუბმა გარკვეული ზომები უნდა მიიღოს", - ციტირებს ვეტერანი ესპანელის სიტყვებს Sport.es.
შეგახსენებთ, გუშინ, 24 ოქტომბერს, "კულეებმა" ჰოლანდიელი მწვრთნელის ავტომობილს შეუტიეს, როცა ეს უკანასკნელი "კამპ ნოუს" ტოვებდა. ფანები კუმანის მანქანას გარს შემოერტყნენ, ხელების ბრახუნი და ხმამაღლა ყვირილი დაიწყეს.