"ქეცბაიას სამწვრთნელო კარიერის ყველაზე ცუდი ანორთოსისი", - კვიპროსში ქართველ დამრიგებელს აკრიტიკებენ
Goal.com.cy-მ "ანორთოსისსა" და მის მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას სიახლე მიუძღვნა. კვიპროსელებმა აღნიშნეს, რომ ქართველი დამრიგებლის კარიერაში ამ სეზონში მოთამაშე ფამაგუსტელები ყველაზე სუსტი გუნდი არიან.
"ქეცბაიას კვიპროსულ კარიერაში მიმდინარე სეზონის ანორთოსისი ყველაზე სუსტი გუნდია. პირველი ექვსი ტურის შემდეგ, მათ ანგარიშზე სულ რაღაც ექვსი ქულაა.
ასეთი დაბალი მაჩვენებელი ქართველ მწვრთნელს ფამაგუსტაში ჯერ არ ჰქონია. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ის ამ გუნდში თავის მერვე სეზონს ატარებს".
განვიხილოთ კვიპროსული გუნდის მონაგარი თავისი ამჟამინდელი სპეციალისტის ხელში. დავიწყოთ 2004/2005 წლების სეზონით, როდესაც 53-წლის თავკაცი "თეთრ-ლურჯებს" სათავეში ჩაუდგა:
2004/2005 - 14 ქულა
2005/2006 - 12 ქულა
2006/2007 - 10 ქულა
2007/2008 - 14 ქულა
2008/2009 - 13 ქულა
2019/2020 - 12 ქულა
2020/2021 - 13 ქულა
2021/2022 - 6 ქულა
როგორც ვხედავთ, ქეცბაია "ანორთოსისში" ახლა მართლაც ყველაზე წარუმატებელ პერიოდს განიცდის. დღეს, 29 ოქტომბერს, ჩვენი დროით 20:00 საათზე, ფამაგუსტელები "ომონიას" ესტუმრებიან.