"შეძლებს საბა ლობჟანიძე საქმის ბოლომდე მიყვანას?" - ფიფას პოსტი ქართველ ფეხბურთელზე
თურქული სუპერლიგის მე-11 ტურის ცენტრალურ მატჩში ქვეყნის ჩემპიონი ბეშიქთაში ჰატაისპორთან 1-0 დამარცხდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-6 წუთზე საბა ლობჟანიძემ გაიტანა, რასაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ქართველმა ფეხბურთელმა კარის ხაზიდან თანაგუნდელის დარტყმული შეაგორა, როცა ბურთი კარში მაინც შედიოდა.
მატჩის დასრულებიდან ძალიან მალევე, 26 წლის ნახევარმცველმა ელ კააბის, ფეხბურთელს, ვისაც "გოლი წაართვა", ბოდიში საჯაროდ მოუხადა.
საბა ლობჟანიძე ჰატაისპორს თავისუფალი აგენტის სტატუსით 2021 წლის ივნისში შეუერთდა. მას შემდეგ 10-ჯერ ითამაშა ანტაკიელთა მაისურით, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ შედეგით გუნდში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი შექმნილი გოლების რაოდენობით პირველ ადგილზეა.
მიმდინარე სეზონში საბა ლობჟანიძეს 4 გოლი აქვს, საიდანაც ორი თურქულ დიდ გუნდებს: გალათასარაის და ბეშიქთაშს გაუტანა, ხოლო ერთ-ერთი მესამეადგილოსან ალანიასპორს. ფიფამ ბეშიქთაშთან მოგების შემდეგ ჰატაისპორზე პოსტი გამოაქვეყნა, გუნდის მთავარ გმირად კი საბა ლობჟანიძე მოიხსენია.
"2007/08 წლებში გუნდი სამოყვარულო ლიგაში გავარდა, 2019/20 წლებში თავიანთ ისტორიაში პირველად თურქულ სუპერლიგაში გადმოვიდნენ, 2021/22 წლებში ჩემპიონობისთვის იბრძვიან.
როგორ ფიქრობთ, შეძლებენ საბა ლობჟანიძე და ჰატაისპორი საქმის ბოლომდე მიყვანას?" - წერს ფიფას ოფიციალური გვერდი.
11 ტურის შემდეგ ჰატაისპორს 23 ქულა აქვს და სუპერლიგის ცხრილში მე-2 პოზიციაზეა, პირველადგილოსან ტრაბზონსპორს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან.