ერთგულებაც ასეთი უნდა - ხავი პირადად გადაიხდის 5 მილიონ ევროს, რათა ბარსელონაში გაუშვან

„ალ სადის მწვრთნელი ხავი ერნანდესი, მზადაა თანხა საკუთარი ჯიბიდან გაიღოს იმისთვის, რომ „ბარსელონას“ მწვრთნელი გახდეს.
ესპანელი სპეციალისტი ყატარულ გუნდს თავად გადაუხდის 5 მილიონ ევროს კონტრაქტის გაწყვეტაში, რათა „ბარსელონაში“ დაინიშნოს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე.
ამის შესახებ ინფორმაციას ყატარელი ჟურნალისტი მოჰამედ ალ-კააბი „ტვიტერში“ იტყობინება.
დღეს „ალ სადმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „ბარსელონასთან“ შეთანხმებას მიაღწია და რომ კატალონიელები ხავის სანაცვლოდ 5 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდნენ, თუმცა მალევე „ბლაუგრანამ“ არაოფიციალური წყაროების მეშვეობით ეს ინფორმაცია უარყო.
როგორც ჩანს, „ჰეფი ენდი“ მაინც ახლოვდება და „ბარსელონა“ სასურველ მწვრთნელს უფასოდ ჩაიგდებს ხელში, ხავის ბიუჯეტი კი 5 მილიონით შემცირდება, თუმცა ოცნება აუსრულდება.